in

ZigZag: „კლიენტისა და სააგენტოს საუკეთესო ნაწილები გავაერთიანეთ“

ერთმანეთი სააგენტო „ლივინგსტონში“ გაიცნეს – ნათია გოგია სხვადასხვა დროს ფროდაქშენს ხელმძღვანელობდა და ექაუნთის დირექტორი იყო, ნინო კუპრაშვილი – სტრატეგიის დირექტორი. დიდ კამპანიებზე მუშაობით საკმაო გამოცდილება დააგროვეს ბრენდის სტრატეგიის, მარკეტინგული დაგეგმარებისა და აღსრულების, რეკლამის მიმართულებით. კამპანიებს, რომლებზეც უმუშავიათ არაერთი საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალის ჯილდო მოუგიათ, მათ შორის, კანის ლომი, Eurobest, Epica Awards, Ad Black Sea Grand Prix… ცოტა ხნის წინ, გადაწყვიტეს შემოქმედებითი თანამზრახველები გამხდარიყვნენ და ერთობლივად შეუდგნენ სააგენტო ZigZag-ის ხელმძღვანელობას.

M: სააგენტო „ზიგზაგი“ წელიწადზე მეტია არსებობს. რატომ გადაწყვიტეთ ამ საქმიანობით აქტიურად დაკავებულიყავით – რით არის ეს საქმე აქტუალური სწორედ ახლა?

პანდემიის პერიოდმა ნათლად და ცხადად დაგვანახა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის რეალური გაზომვადი შედეგი. ეკონომიკური აღმასვლის დროს, ბიზნესი მზად არის არაეფექტურადაც დახარჯოს თანხა მარკეტინგში, რადგან ამის ფუფუნება გააჩნია, ხოლო კრიზისისას, ყველაზე აუცილებელი, შედეგზე მიბმული და ორიენტირებული მარკეტინგი ხდება. რადგან ჩვენი ხედვა მარკეტინგის სტრატეგიისა და განხორციელების მიმართულებით, სწორედაც რომ შემოქმედებით ეფექტიანობას ეფუძნება, გადავწყვიტეთ, რომ ახლა იდეალური დრო იყო, რომ საზოგადოებისთვის ოდნავ უფრო ფართოდ გაგვეცნო ზიგზაგი.

M: როგორ შეიკრიბეთ ყოფილი ლივინგსტონელები, ZigZag-ის ფარგლებში?

ერთმანეთი ლივინგტონში მუშაობისას გავიცანით. მხოლოდ რამდენიმე ერთობლივი პროექტის განხორციელება და მეგობრობის დაწყება მოვასწარით. აღმოვაჩინეთ, რომ ერთად მუშაობა ძალიან გვეკომფორტულებოდა და საერთო ხედვა გვქონდა მარკეტინგისა და მისი დანიშნულების მიმართ. ამავდროულად, სხვადასხვა უნარ-ჩვევები გვაქვს განვითარებული სტატეგიისა და შემოქმედებითობის საინტერესო ნაზავს წარმოვადგენთ და ერთმანეთს ვავსებთ. ასე გაჩნდა crime-ში დაპარტნიორების და „ზიგზაგის“ შენების იდეა.

M: რა არის ის, რისი გაკეთებაც გსურთ ZigZag-ის საშუალებით და აქამდე, თუნდაც, ლივინგსტონში, ვერ აკეთებდით?

მარკეტინგული სააგენტო „ზიგზაგი“, ტიპური სააგენტო არ არის. კლიენტს მხოლოდ დაგეგმვას არ ვთავაზობთ. ჩვენს დაგეგმილს თავად აღვასრულებთ და საერთო შედეგების თანამონაწილეები ვხდებით. ამგვარად მგონია, რომ კლიენტისა და სააგენტოს საუკეთესო ნაწილები გავაერთიანეთ. შესაბამისად, მარკეტინგის ყველა ასპექტის დაგეგმვითა და აღსრულებაში ჩართულობით, უკეთესი ბიზნეს გადაწყვეტებისა თუ შედეგების დადება არის შესაძლებელი. გამოგვარჩევს ის, რომ ყოველთვის ვაბალანსებთ შემოქმედებითობასა და ანალიტიკას და ამ ორ ინსტრუმენტის სხვადასხვა დოზას ვიყენებთ სხვადასხვა ბიზნეს ამოცანის შესასრულებლად.

M: რა იქნება ზიგზაგის სერვისების ძირითადი მიმართულებები?

საწყის მომსახურებებად, ჩვენი ხედვით ყველაზე მწვავე და საჭირო მიმართულებები გამოვყავით. ბრენდის სტრატეგიის დასახვა/აღსრულება, შიდა ბრენდინგი, კომუნიკაციის დაგეგმვა/აღსრულება და პროდუქტის განვითარება. თითოეული მიმართულებით უნიკალური, ყველაზე ეფექტური და შედეგიანი პროცესის შექმნაზე ვართ ორიენტირებული.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

Honda Baiku – ერთბორბლიანი მოტიციკლი, როგორც ტრანსპორტის მომავალი

Toyota-ს პოსტერები, რომელიც Tokyo 2020-სთვის შეიქმნა!