in

ZINAsi – ბროშები ლეგოს ნარჩენებისგან – თამაშის პროცესში, ბავშვებთან ერთად შექმნილი სტარტაპი

Startauperi
Startauperi

„როდესაც ბავშვები ლეგოს აწყობენ, მიჰყვებიან ინსტრუქციას, მაშინ, როდესაც ჩვენ ZINAsi-ს ბროშებზე ვმუშაობთ, ესეც თამაშია, უბრალოდ, ამ შემთხვევაში, ისინი თვითონ ფიქრობენ, რა ფორმა მისცენ მას, როგორ შეახამონ ფერები ან რა გამოხატონ ბროშით“, – ნინი ფალავანდიშვილი, ZINAsi-ს შემქმნელი. ნინი თანამედროვე ხელოვნების კურატორია, აკეთებს სხვადასხვა გამოფენის ორგანიზებას, სტარტაპის შემქნის იდეა მეგობრების ბავშვებზე დაკვირვებისას გაუჩნდა. ლეგოს აწყობის შემდეგ, ბავშვებს ყოველთვის რჩებოდათ ნარჩენები. ნინი ერთი თვეა რაც ბავშვებთან ერთად, თამაშის პროცესში ქმნის ლეგოს ბროშებს და მათი შეძენა თბილისში, უკვე სამ მაღაზიაშია შესაძლებელი. როგორია „ზინასის“ პროდუქციის შექმნის პროცესი და რა მიმართულებით იგეგმება მისი განვითარება – ამ საკითხებზე მარკეტერი ნინი ფალავანდიშვილს ესაუბრა:

M: როგორია „ზინასის“ ბროშების შექმნის ისტორია და პროცესი?
ბროშები, რა თქმა უნდა, ხელნაკეთია. ლეგოს დეტალებისგან ვაწყობთ ახალ ფორმებს და სიმყარისთვის ვაწებებთ ერთმანეთზე, რომ არ დაიშალოს და უკანა მხრიდან ვუკეთებთ საბნევს. ჯერჯერობით, ექსპერიმენტების ფაზაში ვართ. თავიდან მე დავიწყე აწყობა ლეგოს ნარჩენებისგან. ამ საქმიანობის დაწყების იდეა დიდი ხანია მაქვს, ერთი თვის წინ კი, გადავწყვიტე, აქტიურად დამეწყო ამ მიმართულებით მუშაობა. შემდეგ, უკვე ბავშვებმაც დაიწყეს ბროშებზე მუშაობა, გაუჩნდათ ინტერესი, ჩაერთნენ, ახალ უკვე ერთობლივად ვმუშაობთ მათ შექმნაზე.

M: რატომ შეარქვით სტარტაპს „ზინასი“?
ბავშვობისას, ჩემი ძმა მეძახდა ზინასს და ყოველთვის მომწონდა ეს სახელი. რადგან ეს საქმიანობა ბავშვებს და თამაშს უკავშირდება, ჩემი ბავშვობის მეტსახელიც ამის გამო შევარჩიეთ.

M: რა ასაკის არიან ბავშვები, რომლებიც გეხმარებიან „ზინასის“ პროდუქციის შექმნაში და თუ აპირებთ საქმიანობაში მეტი ბავშვის ჩართვას? 
ეს არიან მეგობრების შვილები, 8-12 წლის ფარგლებში – ნიკო მელიქიშვილი, აჩი და ზუკა ოქრუაშვილები, რომლებიც, უფრო ინტენსიურად არიან ჩართული ამ პროცესში. თან ვთამაშობთ, თან ვმუშაობთ და შემოქმედებითად ვვითარდებით. ლეგოების მოკითხვა დავიწყეთ მეგობრებში და შესაძლოა, მომავალში უფრო მეტი ბავშვი გავერთიანოთ და ვორქშოპები გავაკეთოთ.

M: სად შეიძლება თქვენი პროდუქციის შეძენა და რა მიმართულებით გეგმავთ „ზინასის“ განვითარებას?
ჯერჯერობით, ჩვენი პროდუქცია იყიდება სამ მაღაზიაში, ეს არის ფაბრიკაში, ბარნოვზე O, Moda, Moda-ს მაღაზიაში და „პანიკაში“ პეტრიაშვილზე. შემდეგში, გვინდა, რომ დიდ მაღაზიათა ქსელებში შევიტანოთ. ფასს რაც შეეხება, ჩემი სურვილია, რომ 40 ლარზე მეტი არ ღირდეს. ონლაინ გაყიდვა ჯერ არ გვაქვს, მაგრამ ვაპირებთ გავაკეთოთ. სამომავლოდ, ვფიქრობ ყელსაბამების გაკეთებასაც, თუმცა, ეს დამატებით ტექნიკურ დეტალებს უკავშირდება. გარდა ამისა, მინდა ჩანთებზე მუშაობაც, ოღონდ ეს ლეგო არ იქნება და თბილისის არქიტექტურულ დეტალებს გააერთიანებს. არქიტექტურა ჩემი საყვარელი მიმართულებაა და ვცდილობ, ეს ინტერესი საქმიანობაში ავსახო.

„ისთ ფოინთის“ ბოტი სანტასთან პირადად დაგაკავშირებთ

Burger King-ის პროვოკაციული საახალწლო საჩუქარი McDonald’s-ისთვის