არქიტექტურა, როგორც სულ სხვა ცხოვრების ფუნდამენტი: ტრადიციები, საერთაშორისო გამოცდილება და არქიტექტურის თანამედროვე ხედვა – დეველოპერული კომპანია „ზიონი“ SKIA 2026-ის მთავარი პარტნიორია. მოთხილამურე არქიტექტორები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, საქართველოში წელს ქართულ-ებრაული კომპანიის მხადაჭერით ჩამოვლენ და ტრადიციულად თანამედროვე არქიტექტურასა და სექტორში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრებენ. „ზიონში“ აცხადებენ, რომ კომპანიის კონცეფცია გამორჩეულ არქიტექტურასა და საერთაშორისო გამოცდილებაზე დგას. ამავე ფილოსოფიით შეიქმნა წლების წინ SKIA-ც, რომელიც მასშტაბურ ღონისძიებას წელს უკვე 49-ედ ჩაატარებს.

„ჩვენი თითოეული პროექტი ახალი გამოცდილების, სულ სხვა ცხოვრების შექმნას ემსახურება. „ზიონში“ მიგვაჩნია, რომ არქიტექტურა მხოლოდ შენობა არ არის, არამედ ცხოვრების რიტმის, ფუნქციური წესრიგისა და ხედვის განმსაზღვრელია. სწორედ ეს მიდგომა გვაერთიანებს SKIA-სთან, რომელიც წლევანდელ შეხვედრებსა და კონკურსებს ჩვენი პარტნიორობით გამართავს. ჩვენთვის პრიორიტეტულია იმ ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც თანამედროვე სამყაროში არქიტექტორის როლს კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდის, აერთიანებს პროფესიულ ხედვას, ჯანსაღი ცხოვრების წესსა და მუდმივ სწრაფვას ახალი მწვერვალებისკენ“, – ამბობს „ზიონის“ ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი ნათია ცხადაია.

საერთაშორისო ღონისძიება სტარტს წელს თბილისიდან აიღებს. 15 თებერვალს მსურველებს კერამიკულ კომბინატში გამოფენებსა და ლექციებზე ელოდებიან. ფოკუსში ქართული ტრადიციული არქიტექტურა იქნება, რაც ასევე ახლოს არის „ზიონის“ ხედვასთან, – კომპანია თავის პროექტებში, მათ შორის თბილისისა და ქუთაისის ისტორიულ უბანში ლოკალურ კონტექსტს მუდმივად ითვალისწინებს.
ღონისძიების მთავარი ლოკაცია კი მესტია იქნება, სადაც SKIA 2026-ის მონაწილეები 26 თებერვალს ჩავლენ და 3 მარტამდე დარჩებიან. არქიტექტორები ქალაქმშენებლობისა და დარგის თანამედროვე პრობლემების იდენტიფიცირებაზე იმუშავებენ.

ბუნებრივია, ყურადღების ცენტრში იქნება სათხილამურო ტრასა, სადაც სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში შეჯიბრი გიგანტურ სლალომში გაიმართება. სპორტული აქტივობები SKIA-ს განუყოფელი ნაწილია და მისი დაარსებიდან, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან იღებს სათავეს.
„ზიონის“ მხარდაჭერით, წლევანდელი შეხვედრის ფარგლებში SKIA-ს ისტორიაში ტრადიციული საერთაშორისო კონკურსიც ჩატარდება, ამჯერად 12 ნომრიანი საოჯახო სასტუმროს კონცეპტულურ პროექტზე სვანეთში. მესტიის მუნიციპალიტეტის მოწონების შემთხვევაში, პროექტს რეალური განხორციელების შესაძლებლობა ექნება.

გამარჯვებულებს საერთაშორისო ჟიური გამოავლენს. საუკეთესო პროექტების ავტორები და სპორტული შეჯიბრების გამარჯვებულები მესტიაში, ღონისძიების დახურვის დღეს გამოცხადდებიან.
არქიტექტორ მოთხილამურეთა საკავშირო კლუბს საფუძველი 1977 წელს ჩაეყარა, საერთაშორისო მასშტაბი კი კლუბმა 1985 წელს ბაკურიანში გამართული შეხვედრისას შეიძინა. მაშინ საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტს 100-ზე მეტი უცხოელი სტუმრობდა. მათ შორის იყვნენ ისეთი მსოფლიო დონის არქტიტექტორები, როგორიც მასიმიალიანო ფუკსასია, რომლის ავტორობით არა ერთი პროექტი (იუსტიციის სახლი, მშვიდობის ხიდი და სხვა) თბილისშიც განხორციელდა.

მე-20 საუკუნის 80-იანი წლებიდან დღემდე, საქართველოს არქიტექტორთა კავშირის კლუბ SKIA-ს ფარგლებში ყოველწლიურად იმართება სემინარები და შეჯიბრებები, სადაც მთავარი მიზანი არქიტექტურისა და გარემოს ჰარმონიული კავშირი და ახალი ესთეტიკის ძიებაა.
წლევანდელ ღონისძიებაზე 200-მდე სტუმარს ელოდებიან. არქიტექტორები იტალიიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან და რეგიონის ქვეყნებიდან საქართველოში კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან და არქიტექტურის ახალ, სულ სხვა ხედვებზე გამოცდილებას გაცვლიან.

„ზიონის“ შესახებ:
„ზიონი“ ქართულ-ებრაული დეველოპერული კომპანიაა, რომელიც საერთაშორისო გამოცდილებასა და ხარისხის უმაღლეს სტანდარტებს აერთიანებს. მისი პორტფოლიო გამორჩეული პროექტებისგან შედგება: კრწანისის დიპლომატიური უბნის ექსკლუზიური კომპლექსი ZION Krtsanisi Embassies, პრესტიჟული ვილები წავკისში – Olive Gardens Tsavkisi – Villas By ZION, Radisson Individuals-ის ქსელის სასტუმრო ქუთაისში და A-კლასის ბიზნეს ცენტრი თბილისში.
სულ სხვა სტანდარტის შესაქმნელად, „ზიონი“ გლობალურ ლიდერებთან თანამშრომლობს, როგორიცაა შვეიცარიული Schindler, სკანდინავიური Akukon და ისრაელის წამყვანი მენეჯმენტ-ჯგუფი Capital Maintenance. პროექტების ინტერიერის დიზაინზე კი მსოფლიოში აღიარებული იტალიელი მაესტრო, მატეო ნუნზიატი ზრუნავს.
[R]











