10
ივლ
2018

„რაც შეიძლება დაბალ ფასად“ – საქართველოში შეკერილი ტანსაცმელი და ახალბედა ბიზნეს Zizer-ის სტრატეგია

10 ივლ 2018

Startauperi
Startauperi


ზიზერი“ ახალბედა ბიზნესია, რომელიც ანდრო კახაძემ და შაკო შანშიაშვილმა, საქართველოში შეკერილი და ამავდროულად, დაბალფასიანი ტანსაცმლის არსებობის იდეით შექმნეს. სულ რაღაც 5 დღეა, რაც „ზიზერის“ ონლაინ მაღაზია გამოჩნდა და როგორც ანდრო და შაკო ამბობენ – „ეს არის მცდელობა, რაც შეიძლება დაბალ ფასად გახდეს ხელმისაწვდომი ადგილობრივი წარმოების ტანსაცმელი. რომ შეადაროთ, მაგალითად, საქართველოში წარმოდგენილი სხვა საერთაშორისო, დაბალბიუჯეტიანი ბრენდის კაბა და ჩვენი პროდუქტი, „ზიზერის“, დაახლოებით, 30-40%-ით იაფი გამოვა“, – ამბობენ ისინი.

ახალგაზრდა სტარტაპერები 5 წლიდან მეგობრობენ, ტანსაცმლის ბრენდის შექმნის იდეა კი ერთ-ერთ მათგანს, ლონდონში სწავლისას გაუჩნდა. მან ლონდონში აღმოაჩინა მაღაზია, სადაც დაბალ ფასად იყო ხელმისაწვდომი ნორმალური ხარისხის ტანსაცმელი. ბიზნეს სფეროში გამოცდილების არ ქონის მიუხედავად, მეგობრებმა მცირე დროში შეძლეს საქმიანობის დაწყება – საქართველოში ერთ-ერთ სამკერვალოს დაუკავშირდნენ, რომელთან თანამშრომლობითაც, ქმნიან ახალ მოდელებს, შეაქვთ კორექტივები შემოთავაზებულ დიზაინში და აწარმოებენ პროდუქციას.

„ზიზერის“ ონლაინ მაღაზიაში, ჯერჯერობით, მხოლოდ ქალის ტანსაცმელს იპოვნით. ამ ეტაპზე, აქვთ მხოლოდ 20 მოდელი, მომავალ თვეში კი, კაცის ხაზის შექმნის პარალელურად, გეგმავენ საოჯახო მოხმარების პროდუქციის – თეთრეულისა თუ ხის ავეჯის დამატებასაც.

ჩვენი მთავარი მიმართულება იქნება ტანსაცმელი, მაგრამ გვინდა, საიტზე უფრო ფართო არჩევანიც გვქონდეს“, – ანდრო კახაძე.

ახალბედა ბრენდის შემქმნელების თქმით, მათი კონკურენტული უპირატესობა, ბაზარზე წარმოდგენილ სხვა, საერთაშორისო თუ ადგილობრივ ბრენდებთან მიმართებაში, არის დაბალი ფასი. გარდა ამისა, ონლაინ მაღაზიის მეშვეობით, „ზიზერის“ პროდუქციის შეკვეთა ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი, შეძენილი ნივთის ადგილზე მიტანას კი თბილისის მასშტაბით, „ზიზერის“ კურიერები 2 სამუშაო დღის განმავლობაში უზრუნველყოფენ, საქართველოს მასშტაბით კი ამანათის მიღება საქართველოს ფოსტის მეშვეობითაა შესაძლებელი.

„ზიზერის“ პროდუქცია სხვადასხვა ზომის იკერება. როგორც მისი შემქმნელები ამბობენ, 5 დღიანი ფუნქციონირების განმავლობაში, დიდია იმ კითხვების რაოდენობა, რომელსაც მომხმარებლები სვამენ, უკვე აქვთ რამდენიმე შეკვეთაც. დაინტერესებისამებრ, „ზიზერი“ გეგმავს განსაკუთრებით დიდი ზომის პროდუქციის შეთავაზებასაც.

განხილვა