26
Jan
2018

მოხალისეობრივი შრომიდან საყვარელ საქმემდე – Saatchi&Saatchi-ს ექაუნთ დირექტორ ზიზი ნასრაშვილის ისტორია

26 Jan 2018

როგორია ადამიანების გზა წარმატებისკენ და რა არის თვითონ წარმატება? საყვარელი საქმის კეთება, მაღალი სოციალური სტატუსი თუ ძალაუფლება? ყოველი შემთხვევა და მიდგომა ინდივიდუალურია, თუმცა უდავოა, რომ წარმატება, ისევე, როგორც ადამიანი, ბავშვობიდან იღებს სათავეს. Saatchi&Saatchi Tbilisi-ს ექაუნთ დირექტორის – ზიზი ნასრაშვილის ნარატივი მსახიობების ოჯახში იწყება, ლიტერატურისა და ხელოვნების სიყვარულით, საკუთარი თავის, ინტერესებისა და საქმის ძიებით, მათ შორის, მოხალისეობრივი საქმიანობით, მეზობლის ბავშვების მეცადინეობით ინგლისურში, ფილოსოფია-სოციოლოგიის ფაკულტეტის დასრულებით და გრძელდება სარეკლამო ინდუსტრიაში. მარკეტერი დაინტერესდა, თუ რა გზა განვლო მოხალისეობრივი შრომიდან საყვარელ საქმიანობამდე ზიზი ნასრაშვილმა..


სტანდარტული 90-იანების ბავშვი ვარ, ლამპის შუქზე და კერასინკის სუნზე გაზრდილი. გასართობი ბევრი არ გვქონდა, კარტს ან  ქალაქობანას ვთამაშობდით და კიდევ, ვკითხულობდი ძალიან ბევრს. ამ თვალსაზრისით, უდენობამ, უკომპიუტერობამ და უინტერნეტობამ, მოზარდობის ჟამს, დიდი სამსახური გამიწია.

მსახიობების ოჯახში გავიზარდე და ამან განაპირობა ის, რომ ხელოვნება მიყვარდა თავიდანვე, ძალიან ამაყად ვუყურებდი ხოლმე ბებია-ბაბუების სურათებს, სხვადასხვა სპექტაკლში. მარჯანიშვილის თეატრის მსახიობები იყვნენ ბებიაჩემი – ზიზი ზალდასტანიშვილი და ბაბუა – გოგი ტატიშვილი, ახლა, ბიძაჩემი – დიმიტრი ტატიშვილი და დეიდაჩემი – მაია ტატიშვილი არიან ამავე თეატრის მსახიობები. ოჯახი ჩემი გზამკვლევის როლს ითავსებდა, ყველაფერში რაც ხელოვნებასა და ლიტერატურას შეეხება, მაძლევდნენ წიგნებს, საღამოობით, ძალიან საინტერესო დისკუსიები იმართებოდა ხოლმე ზოგადსაკაცობრიო თემებზე. ხშირად დავდიოდი თეატრში და მეგობრებიც დამყავდა. ძალიან ვამაყობდი იმით, რომ ბიძაჩემი თამაშობდა. ქაქუცა ჩოლოყაშვილზე 20-ჯერ მაინც ვარ ნამყოფი, სხვადასხვა ხალხთან ერთად.

განათლების მიღების პროცესი, სიმართლე რომ ვთქვა, უფრო მეგობრებთან გატარებულ სასიამოვნო მოგონებეთან ასოცირდება, ვიდრე უშუალოდ სკოლის კალკულუსთან. მგონია, რომ სკოლაში რაღაც ცალკეულ საგნებს ვსწავლობდით და დიდ სურათს არავინ გვაჩვენებდა. ჯამში, რეალური აღქმა არ გვქონდა რაში გვჭირდებოდა ის, რასაც გვასწავლიდენენ, არც პროგრამა იყო მოწოდებული საკმარისად საინტერესოდ. პირადად მე, უნივერსიტეტში გავაცნობიერე ზოგადი განათლების ძალიან დიდი მნიშვნელობა და უფრო აქტიური მონაწილე გავხდი ჩემი საგანმანათლებლო პროცესის, ვსვამდი ძალიან ბევრ კითხვას, ვიძიებდი დამატებით ინფორმაციას და მეტად დავიწყე გაანალიზება.

უნივერსიტეტში ჩაბარების წინ, ძალიან ბევრი ვიფიქრე. ჯერ მინდოდა მსახიობობა, ოჯახიდან გამომდინარე, რაზეც მითხრეს, რომ მოდი მაინც დაფიქრდი, იქნებ რამე სხვა სცადოო. შემდეგ, ჟურნალისტიკა მინდოდა, რაღაც პერიოდი, მერე ცოტა ხანი დედაჩემის გავლენით, მასწავლებლობა გადავწყვიტე. საბოლოოდ, ჩავაბარე ფილოსოფია-სოციოლოგიის ფაკულტეტზე, თსუ-ში. პროფესიით ვარ სოციოლოგი, თუმცა, არც ერთი დღე მიმუშავია ამ მიმართულებით. უნივერსიტეტში კარგი ის იყო, რომ ზოგადი განათლება შევიძინე, გავიფართოვე ჩემი ცოდნის არეალი, თუმცა, ბოლოსკენ დავიკარგე, რადგან მივხვდი, რომ დიდად არ იყო ის, რაც მე მინდოდა. დამატებით საგნად ავირჩიე მარკეტინგი და პიარის კურსები გავიარე. ასე მივხვდი, რომ ეს მიმართულება უფრო მაინტერესებდა. უნივერსიტეტი რომ დავამთავრე უკვე ვიცოდი, რომ როგორც სოციოლოგი არ ვიმუშავებდი.

სანამ ოფიციალური სამუშაო გამოცდილება დაიწყებოდა, ლიტერატურას ვთარგმნიდი, მქონდა მოხალისეობრივი სამუშაო და ასევე, მეზობლების ბავშვებს ვამზადებდი ინგლისურში. აქედან საინტერესო რაც ვისწავლე არის ის, რომ გამომიმუშავდა მოთმინების უნარი, პატარა ბავშვები ხომ ძალიან ცელქები არიან და ვერ ხვდებიან, რატომ ასწავლი და დიდად არ უნდათ, მაქსიმალურად ვცდილობდი, ცოტა მხიარულად მესწავლებინა მათთვის. მივხვდი, რომ ყველას თავისებური მიდგომა სჭირდება და ნებისმიერ ადგილას, სადაც არ უნდა მუშაობდე, თუნდაც პატარ-პატარა, მოხალისეობრივ სამსახურებში, ყოველთვის ყველაფერი ისე არ არის, როგორც შენ გინდა, ამიტომ, მეტნაკლებად, უნდა ეცადო, ყველას თავის ენაზე ესაუბრო.

გადაწყვეტილება, რომელმაც შეცვალა ჩემი ცხოვრება – ჩემმა მეგობარმა დაიწყო მუშაობა სარეკლამოში და მიყვებოდა, თუ რას როგორ აკეთებდნენ. ვეცნობოდი ლიტერატურას და სარეკლამო ინდუსტრია ჩემი ინტერესის სფერო გახდა. გამოცდილება არ მქონდა, იმ პერიოდისთვის, ფინანსურად არც თუ ისე მიმზიდველი პირობები იყო, მიუხედავად ამისა, დანამდვილებით ვიცოდი, რომ უნდა მეცადა თავი რეკლამაში. ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე, არა მხოლოდ პროფესიის თვალსაზრისით. ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი. ახალი ტიპის მეგობრები შევიძინე, რომლებთანაც მეტი საერთო შეხედულებები მაქვს,  შესაძლოა, რადიკალურად განსხვავებული ტიპები ვიყოთ, მაგრამ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი საერთო გვაქვს. იმის თქმა მინდა, რომ ეს გადაწყვეტილება პიროვნულ განვითარებაშიც ძალიან დამეხმარა, უკეთეს ადამიანად ჩამოვყალიბდი. პროფესიულ ნაწილს რაც შეეხება, ყოველთვის ენთუზიასტი ვიყავი და ჩემმა სამსახურმა ძალიან შემიწყო ხელი განვითარებაში. რამოდენიმე პოზიცია გამოვიცვალე, სანამ ზუსტად ჩემ საქმეს ვიპოვიდი. საერთოდ, ძალიან მომწონს ის ნაწილი, რომ ამ კომპანიაში ყველა ცდილობს, რომ განვითარდე, რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია ჩადონ შენში, იმისათვის, რომ წარმატებული ტიპი იყო. ხვდებიან იმას, რომ შენ თუ წარმატებული ტიპი ხარ, რა თქმა უნდა, ეს მთლიანად კომპანიაზეც აისახება.

დაახლოებით, 7 წელია რაც რეკლამაში ვარ, „პაბლისის ჯორჯიაში“ დავიწყე და გადმოვედი Saatchi-ში. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ერთად ვიზრდებით. ბევრი ეტაპი გავიარე, თავიდან ფროდაქშენ მენეჯერი და თასქ მენეჯერი ვიყავი. საერთოდ, თუ ამ ყველაფრიდან სასარგებლო რჩევის გამოყვანა შეიძლება, იქნება რომ ჯანსაღი ეჭვის თვალით შეხედო პირველ სამსახურს. ძალიან კარგია, მუშაობა დაიწყე, მაგრამ რამდენად სწორ ადგილას ხარ, შენი უნარების სხვანაირად გამოყენებაც ხომ არ შეიძლება. დამწყები რომ ხარ, ყველა დეპარტამენტს აკვირდები, იგებ ვინ რას აკეთებს და რა როლი უჭირავს. მე საკმაოდ მალევე მივხვდი, რომ კლიენტთან ურთიერთობის სერვისი ჩემთვის ყველაზე საინტერესო იქნებოდა, რადგან ექაუნთი არის ტიპი, რომელიც ყველა დეპარტამენტთან ურთიერთობს.ცოტ-ცოტა ყველაფერი უნდა იცოდეს, როგორი ბრიფია, რომელ დეპარტამენტთან უნდა წავიდეს და რა სპეციფიკა ექნება თითოეულ ამ დეპარტამენტში მსგავსი ტიპის დავალებების შესრულებას, წინასწარ მოახდინო პრობლემების გამოვლენა და პრევენციაც იდეალურ შემთხვევაში. შეამჩნიეს და დამიფასეს მონდომება და მომცეს შანსი ჩემი შესაძლებლობაბი ამ როლში მეცადა. ჩემი პირველი კლიენტი იყო „რედბული“, იქიდან მოყოლებული ვაგრძელებ ზრდას, მემატება პასუხისმგებლობები და უკვე სხვების განვითარებაზე ვზრუნავ.

პროექტი, რომლითაც ვამაყობ – „ყიჟინატორები“, პრო ბონო პროექტია, რომელიც ქართული რაგბის მოყვარულებმა გავაკეთეთ მსოფლიო თასზე ჩვენი გუნდის მხარდასაჭერად. შევქმნებით ფანკლუბი სახელად „ყიჟინატორები“, გავაკეთეთ ბრენდინგი და გადავიღეთ რამდენიმე მხარდასაჭერი ვიდეორგოლი. შემოგვიერთდა სხვადასხვა პროფილის ბევრი მეგობარი, რომელიც თანახმა იყო, ქართველი მორაგბეების საგულშემატკივროდ, ენთუზიაზმზე ემუშავა და შედეგად დაიდო სრულმასშტაბიანი სარეკლამო კამპანია 0 ლარის ბიუჯეტით.

ჩემი ნება რომ იყოს, ცხოვრების 70%-ს მოგზაურობაში დავხარჯავდი. მიყვარს ფილმების ყურება, დაწყებული ფენტეზიდან, დამთავრებული რომანტიული კომედიით. შემიძლია გავიხსენო კონკრეტული ფილმი, რომელმაც ძალიან იმოქმედა ჩემზე, ეს იყო Mr Nobody. ძალიან ხშირად მიფიქრია იმაზე, რა მოხდებოდა რაღაც ისე რომ არ გამეკეთებინა, როგორც გავაკეთე, მაგალითად, რა მოხდებოდა სარეკლამო სფეროს ნაცვლად, მსახიობობა რომ ამერჩია? და არა მხოლოდ ამ საკითხზე, ყოველდღიურ დეტალებამდე შეიძლება ამ „რა მოხდებოდას“ დაყვანა.

განხილვა