პირველ სამსახურად ალბათ ის ითვლება, რისი საშუალებითაც პირველად გამოვიმუშავე საკუთარი ძალებით. სტუდენტობის დროს, დაწყებითი კლასის ბავშვების მომზადება დავიწყე. ჩემი მაშინდელი გამოწვევა იყო, გამეღვიძებინა მათში ინტერესი, მიმეღწია იმისთვის, რომ მომეხერხებინა და შემენარჩუნებინა სიმშვიდე და პოზიტიური განწყობა მაშინ, როცა მეორე მხარე ჭირვეულობდა. ბავშვების მომზადებას მოჰყვა სხვადასხვა საგანმანათლებლო ლიტერატურის თარგმნა, შუალედში კიდევ პატარა ექსპერიმენტები და მერე ოფიციალური სამსახური. პირველი ოფიციალური სამსახური, საიდანაც პროფესიული ზრდა დაიწყო, 23 წლისამ დავიწყე, სარეკლამო სააგენტო Publicis Georgia-ში. გასაუბრებაზე ჩემი მეგობრის რეკომენდაციით მივედი და მალევე დავიწყე მუშაობა Production Manager-ის თანაშემწედ და Production განყოფილების Task Manager-ად.
ცოტა არანორმალური რეჟიმი იყო, მაგრამ ძალიან მეხალისებოდა. საკმაოდ მალე მივხვდი, რომ მინდოდა ექაუნთ ჯგუფის ნაწილი გავმხდარიყავი. ძალიან მომწონდა ის ფაქტი, რომ ისაა შუამავალი რგოლი სააგენტოსა და კლიენტს შორს, თანამშრომლობს ყველა დეპარტამენტთან, პროექტის აღსრულება და ჯამში წარმატებაც მის ხელშია. პროექტის სადავეებთან დგომა, სულ სხვანაირი ადრენალინია, რომელიც პირველად მაშინ გამოვცადე, როცა საკმაოდ მნიშვნელოვანი ექაუნთი გადმოვიბარე და დამოუკიდებლად წავიყვანე პროექტი. ვინერვიულე, მაგრამ როგორც იმ მომენტში მეჩვენებოდა „ქრაშ ტესტს“ წარმატებით გავართვი თავი და საბოლოოდ ჩავეწერე ექაუნთების სიაში. 5 წლის წინ, Publicis Georgia-დან ამავე ჯგუფის სააგენტო Saatchi&Saatchi Tbilisi-ში გადმოვინაცვლე და მას შემდეგ ვაგრძელებ საქმიანობას.
ზიზი ნასრაშვილი – Saatchi & Saatchi Tbilisi, ექაუნთ დირექტორი.