თუ ზედმეტად რეაგირებთ „გამომწვევ“ ბგერებზე, როგორებიც არის საჭმლის ღეჭვა ან ხმამაღალი სუნთქვა, შესაძლოა, მიზოფონია გქონდეთ. მეცნიერებმა საბოლოოდ აღმოაჩინეს ტვინის ძირითადი კავშირი, რომელიც ამ უკანასკნელის გამოწვევაზეა პასუხისმგებელი. როგორც ჩანს, მიზოფონიის გამომწვევი ბგერების უმეტესობა ადამიანის სახესთან დაკავშირებული მოქმედებებით წარმოიქმნება.
„ჩვენი დასკვნები მიუთითებს, რომ მიზოფონიის მქონე ადამიანებში უჩვეულო კომუნიკაცია არსებობს სმენისა და ტვინის მოტორულ რეგიონებს შორის“, — ამბობს ნეირომეცნიერი სუხბინდერ კუმარი, ნიუკასლის უნივერსიტეტიდან. ამ კავშირის აღწერა შეიძლება, როგორც „ჰიპერმგრძნობიარე“.
მკვლევართა გუნდმა 75 ადამიანის ტვინის fMRI სკანირება გააანალიზა, რათა ეს ჰიპერმგრძნობიარე კავშირი აღმოეჩინა. ექსპერიმენტის ფარგლებში ცდისპირები სხვადასხვა გამაღიზიანებელ ხმებს ისმენდნენ — ღეჭვა, ყვირილი და ნეიტრალური ხმა (წვიმა).
„როგორც გავარკვიეთ, კომუნიკაციის მსგავსი ნიმუში ვიზუალურ და მოტორულ ზონებს შორისაც არსებობს. შესაბამისად, დასაშვებია, რომ მიზოფონიის გამოწვევა ვიზუალურ ეფექტსაც შეუძლია“, — განმარტავს კუმარი. ამიტომაც არის, რომ ზოგ ადამიანში ნეგატიური რეაქცია ღეჭვის პროცესის დანახვამ ან სპეციფიკურმა სუნმაც კი შეიძლება გამოიწვიოს. ხმებს შორის ზუზუნი, წკაპუნი და კაკუნი ასევე ხშირი გამღიზიანებლებია. თითქოს, თავდაცვაზე მომუშავე ტვინის ნაწილი ამ ხმებს თავდასხმად ან საფრთხედ აღიქვამს.
ეს კომუნიკაცია ე. წ. „სარკის სისტემას“ ააქტიურებს, რომელიც სხვა ადამიანების მიერ შესრულებული მოძრაობების გონებრივად დამუშავებაში გვეხმარება… თითქოს, ჩვენ თავად ვასრულებთ ამა თუ იმ ქმედებას. სარკისებური ნეირონული სისტემა ტვინში ერთნაირად მუშაობს — არ აქვს მნიშვნელობა, რეალურად ვაკეთებთ რამეს თუ უბრალოდ სხვას ვადევნებთ თვალს.
მკვლევართა თქმით, თუ მიზოფონიის მექანიზმს უკეთ შეისწავლიან, მისი მართვის მეთოდების გაუმჯობესება გახდება შესაძლებელი. შედეგად, მეტად შემცირდება ყოველდღიური გამაღიზიანებლების გავლენა ჩვენს ცხოვრებაზე. თანაც, დადგენილია, რომ მოსახლეობის 6-დან 20 პროცენტამდე იტანჯება მიზოფონიით. ყველაზე მძიმე ფორმას თუ წარმოვიდგენთ, მას შეუძლია, ოჯახური და სოციალური სიტუაციები თითქმის აუტანელი გახადოს.












