16
Sep
2019

Zola Jesus-ის ეზოთერული შოუ რუსთაველის მცირე სცენაზე

16 Sep 2019

რამდენადაც ხშირად შეხვდებით თბილისის მუსიკალურ აღზევებაზე გაზიარებულ სტატიებს გარდიანიდან თუ ტელეგრაფიდან, ფაქტია – ქალაქში აკუსტიკური მუსიკისთვის გამოყოფილი სივრცეების კრიზისი გვაქვს. აკუსტიკური მუსიკა „ქოლგა“ სახელია უამრავი მუსიკალური ჟანრისთვის, რომლებიც დღეს ჩვენს დედაქალაქში ნაკლებად თუ ჟღერს. ეს შეკვეცა ერთ ღამეში არ მომხდარა, თუმცა 2010-იანი წლების დასაწყისიდან ტრენდი შესამჩნევი გახდა. დიდ საკონცერტო დარბაზებზე რომ არ ვისაუბროთ, მუსიკამ თვით ბარებიც კი მიატოვა და მომავალი აღორძინების ეტაპის მოლოდინში თითქოს დიდიხნით მიიძინა. თუ არ ჩავთვლით Tbilisi Open Air-ს, აკუსტიკური მუსიკისთვის ადგილი თბილისის რამდენიმე პაბშიღა თუ დარჩა, რომლებიც დიდად არც გამოიჩევიან ხალხის სიმრავლით. Open Air-ის მიმართ ყოველწლიური მოლოდინი კი არსებული ვაკუუმის შევსების სრულ შესაძლებლობას ნაკლებად იძლევა.

პროექტ Soundwave-ის გამოწვევა სწორედ აკუსტიკური მუსიკის აქტუალიზაცია გახდა. “ლიკანისა“ და “Velvet Session”-ის ერთობლივი წამოწყება ძირითადში შარშან გააქტიურდა და საშუალოდ თვეში ერთხელ თბილისის მსმენელს სხვადასხვა ლოკაციაზე საინტერესო მუსიკალური მოგზაურობის საშუალებას აძლევს. აღსაღნიშნავია, რომ პროექტი მხოლოდ აკუსტიკურ მუსიკას არ მოიცავს (თუმცა მის ძირითად მიმართულებად ეს შეიძლება ჩაითვალოს) და არც მხოლოდ უცხოელი შემსრულებლებით აპირებენ ფონს გასვლას. მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ქართველი მუსიკოსებისთვის დათმობილი სცენაც, ვისთვისაც ეს ინიციატივა დროული გამოდგა.

ფოტო: თორნიკე შენგელია

ფოტო: თორნიკე შენგელია

12 სექტემბერს მსმენელს მორიგი სესია რუსთაველის თეატრში ელოდა. Zola Jesus – უკრაინელი წარმოშობის ამერიკელი ნიკი დანილოვას პროექტია. ექსცენტრიული ახალგაზრდა იმ თაობის მუსიკოსებს მიეკუთვნება, რომელთა წარმატებაშიც ონლაინ მუსიკალურმა მედიამ დიდი როლი ითამაშა. ჯერ კიდევ 2010 წელი მახსენდება, როდესაც Pitchfork-ზე მისი პირველი ნაბიჯების შესახებ შევიტყვე. დღეისთვის კი პროგრესი სახეზეა – 5 ზე მეტი ალბომითა და უამრავი მინიალბომით, იგივე საკუთარ მუსიკალურ სივრცეში მოწინავე პოზიციებზეა – და მაინც რა სივრცეა ეს? – მისი მუსიკის დახასიათება რთულია, რამდენადაც უნიკალური ხმის მონაცემებითა და განსაკუთრებული შესრულების მანერით გამოირჩევა –  ჯოი დივიჟენის პირქუში ატმოსფერო, ლიდია ლანჩის ეზოთერულობა და  Siouxsie and the Banshees-ის შესრულების სტილის გავლენება მას მაინც ეტყობა.

ფოტო: თორნიკე შენგელია

ფოტო: თორნიკე შენგელია

სანამ საღამოს ჰედლაინერს ვიხილავდით რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზი ქართველ მუსიკოსს – ანუშკა ჩხეიძეს დაეთმო. დარბაზში სკამების ადგილას აუდიტორია უკვე კომფორტულად მოკალათებულიყო. უნდა აღინიშნოს, რომ ანუშკა დღეისთვის ერთ-ერთი პერსპექტიული მუსიკოსია ქართულ სცენაზე, Creative Education Studio-ს დასრულების შემდეგ იგი „Sleepers Poets Scientists”-ის კომპოლაციის მონაწილე იყო – მისი მუსიკა საინტერესოა, რამდენადაც სრულიად დაშორებულია ქალაქში დომინანტური ჟღერადობისგან. 90-იანების Ambient Techno-ს ატმოსფერულობიდან IDM-ის წკაპუნა ბიტებამდე – საღამოს პერიოდში ყველაფერი წარმოდგენილი იყო, ყველა მნიშვნელოვანი მუსიკალური კომპონენტი – მელოდიურობა, ჰარმონია თუ რიტმი – ანუშკას მუსიკას ეს თანაბრად ახასიათებს. შესამჩნევი იყო ასევე მუსიკოსის ჩართულობა შესრულების მომენტში, იშვიათად თუ მინახავს ვინმეს მხრიდან ასეთი გრძნობით წარმართული შოუ. You know she’s feeling it, so you will feel it too.. ტრეკები ერთმანეთისგან განსხვავებული ემოციას გვაწვდიდნენ, თუმცა საერთო ჯამში ყველას ეტყობოდა ერთი დამახასიათებელი ხელწერა – ეს ანუშკა ჩხეიძის მუსიკაა.

ფოტო: თორნიკე შენგელია

ფოტო: თორნიკე შენგელია

ანტრაქტის შემდეგ სცენა Zola Jesus-ს დაეთმო. მთლიანად თეთრში შემოსილ მუსიკოსს აკომპანიმენტს გიტარისტი ალექს დეგროტი უწევდა. მალე მთლიანი სცენა კვამლმა მოიცვა და რთული იყო რამის შემჩნევა, თუმცა ვიზუალური ნაწილის კომპენსირებისთვის მისი ვოკალი საკმარისი აღმოჩნდა.

სეტლისტი პოპულარული სიმღერებისგან შედგებოდა – Skin, Night და Soak – საღამოზე ყველაფერი შესრულდა, აქვე იყო კომპოზიციები უფრო ადრინდელი რელიზებიდან, როგორიცაა „The Spoils“ ვერ ვიტყვით, რომ აუდიტორიაში ბევრი იყო, ვინც მისი ტექსტები ზეპირად იცოდა, თუმცა შოუთი კმაყოფილება შესამჩნევი იყო საღამოს განმავლობაში. დამხმარე გირატისტის მიუხედავად, ეს მაინც ერთი მსახიობის თეატრი იყო რუსთაველის მცირე სცენაზე. გოთურმა სტილისტიკამ, გამყინავმა ვოკალმა და ერთიანად ცივმა ატმოსფერომ შედეგი გამოიღო – დანილოვას ტექსტები მისი მთავარი იარაღია, ამ ნაწილის მიწოდების ფორმამ კი მალევე დაატყვევა მსმენელის გულებიც და ყურებიც,  ემოციური თხრობის მანერამ კი მალევე გვიბიძგა მის ცხოვრებისეულ ტრამვებთან ჩვენი კავშირები გაგვება.

საერთო ჯამში მშვენიერი საღამო, მრავალფეროვანი მუსიკა, შესანიშნავი სივრცე (რომელსაც მომავალშიც სხვა ტიპის განვითარებაც შეიძლება მოეძებნოს) – მადლობა Soundwave-ს და მომავალ შეხვედრამდე.

განხილვა