Zoom პანდემიასთან ერთად არ დაფერფლილა… მართალია, ყველაზე კრიზისულ მომენტში იქცა პოპულარულ პლატფორმად, თუმცა მისადმი მოთხოვნა პანდემიის დასრულების შემდეგაც არ განელებულა. როგორც ჩანს, მთელი მსოფლიო მოიხიბლა დისტანციური შეხვედრების შესაძლებლობით. ახლა კი სახელწოდებით Zoom Workplace, მისი ახალი პლატფორმა (რომელიც Zoom One-ს ჩაანაცვლებს) ხელოვნური ინტელექტის ძალას იძენს, რათა უკეთ მოემსახუროს მილიონობით მომხმარებელს და გაამარტივოს ონლაინ ინტერაქცია.
პირველ რიგში, კლასიკური ნაცრისფერი ინტერფეისით შეწხუებელ მომხმარებლებს ახლა თავიანთი ვირტუალური ოთახების პერსონალიზაცია ოთხი ფერის თემით შეეძლებათ. შესაბამისად, მათი ციფრული სამუშაო სივრცე ნაკლებად ერთფეროვანი გახდება.
გარდა ამისა, Zoom Workplace აერთიანებს იმერსიულ ფუნქციებს, რათა ვირტუალური შეხვედრები უფრო დინამიკური გახდეს. მათ შორის გამორჩეულია ხედი, რომელიც ვიზუალურად გამოყოფს სპიკერს ციფრულ სცენაზე, დამსწრეები კი თითქოს აუდიტორიაში არიან.
აქვე აღსანიშნავია ფუნქცია Zoom AI Companion — ეს არის ჭკვიანი ასისტენტი, რომელიც მთელი სამუშაო დღის განმავლობაში მნიშვნელოვნად ზრდის პროდუქტიულობას. კერძოდ, ზრუნავს ტრანსკრიპტზე და დასმულ კითხვებს ოთხჯერ სწრაფად პასუხობს, ვიდრე ChatGPT-4. ასევე, აჯამებს შეხვედრებსა და ჩატებში განხილულ თემებს, მომხმარებლებს განახლებულ ინფორმაციებს აწვდის. ბრეინშტორმინგის სესიების დროს კი თავად AI ასისტენტი იწერს იდეებს; ადგენს ელ.წერილის მონახაზს, რაც დროის დაზოგვასაც უზრუნველყოფს.
ხოლო შეხვედრის დასრულების შემდეგ, Zoom-ის განახლებული Meeting Event hub მთელ გაზიარებულ კონტენტს ერთად უყრის თავს და მასზე წვდომა ყველა წევრს აქვს. ბაზა არა მხოლოდ მნიშვნელოვან დოკუმენტებს ინახავს, არამედ AI-ს მიერ გენერირებულ შეჯამებებსაც — ასე მომხმარებლებისთვის ადვილია ნებისმიერი დეტალის ხელახლა გავლა.
ამავდროულად, განახლება აუმჯობესებს ვიზუალურ და აუდიო ხარისხს. პორტრეტის განათების ახალი ფუნქცია ხელოვნურ ინტელექტს ეყრდნობა, რათა განათების პირობები ზუსტად დარეგულირდეს. აუდიო იზოლაციის ფუნქცია კი განსაკუთრებით მომგებიანია მათთვის, ვისაც ხმაურიან გარემოში უწევს მუშაობა. ეს უკანასკნელი ფონურ ხმაურს ფილტრავს და საუბარი უფრო გასარკვევი ხდება.
განახლება ასე აფართოებს ემოჯის მიმართულებასაც; შესაძლებელია ჯგუფური ჩატების შექმნაც.