შეიძლება ითქვას, რომ ვიდეოკონფერენციების კომპანია Zoom-ს თავისი არსებობის საუკეთესო ხანა პანდემიის დროს ჰქონდა. მიზეზი ყველასათვის აშკარა და მარტივია — ის იქცა ონლაინ შეხვედრების თავშეყრის ადგილად. თუმცა, სამუშაოსა და ცხოვრების ნორმალურად დაბრუნებასთან ერთად, შემცირდა მისი გამოყენების რიცხვი.
მომავლის გათვალისწინებით, კომპანიას რაღაც ახალი სჭირდებოდა, რათა პანდემიის დასასრულთან ერთად ისიც სამუდამოდ არ მიევიწყებინა ხალხს. სწორედ ამიტომ, Zoom-მა ცოტა ხნის წინ განაახლა თავისი ბრენდი, რათა აჩვენოს, რომ ეს ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ვიდეო კონფერენციის პროგრამული უზრუნველყოფა. მის პოზიციონირებას, სავარაუდოდ, შეუერთდება ახალი ელ.ფოსტისა და კალენდრის სერვისებიც.
მოდით, უფრო კონკრეტულად ავხსნათ. დიდი ალბათობით, Zoom-ის შეხვედრისათვის განკუთვნილი მოწვევა Gmail-ის ან Outlook-ის მეშვეობით არაერთხელ მიგიღიათ. გამოდის, აპლიკაციას სხვა კომპანიების სერვისების გამოყენება სჭირდება, როგორიცაა გუგლი და მაიკროსოფტი — თავის მხრივ, ორივე მათგანს აპსშიდა დარეკვის ფუნქციები აქვს.
The Information-ის თანახმად, ელექტრონული ფოსტა და კალენდარი უკვე ორი წელია მუშავდება და, შესაძლოა, ნოემბრის Zoomptopia კონფერენციისთვის მზად იყოს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ვარაუდობენ, რომ პოტენციური სერვისების სახელები “Zmail” და “Zcal” იქნება.
შეიძლება, Zoom-ის დაგვიანებულმა შემოსვლამ ელექტრონული ფოსტის ბაზარზე, მომხმარებლების მოზიდვის პროცესი მეტად გააჭიანუროს… ჩვენ ხომ უკვე უპრობლემოდ ვრეგისტრირდებით აღნიშნულ პლატფორმაზე უკვე არსებული მეილებით. თუმცა დანამდვილებით არავინ იცის, როგორი იქნება კომპანიის წარმატება.