ადამიანები, პროდუქტები და იდეები! – მოკლედ, ამ სამი სიტყვით შევაჯამებდი „ზუმერის“ ბოლო კამპანიას – „მოირგე, რას ელოდები?“ რომელზეც ტრადიციულად, სააგენტო „ლივინგსტონმა“ იმუშავა.
„ადამიანები“ იმიტომ, რომ მთელი კამპანია მომხმარებლის ქცევებზე დაკვირვებას დაეყრდნო, „პროდუქტები“ იმის გამო, რომ ამ შემთხვევაში, ბრენდმა აქცენტი, კონკრეტულად, ციფრულ აქსესუარებზე გააკეთა. იდეები კი – იდეები სწორედ პირველი ორის ურთიერთობის ფორმამ განაპირობა.
ასე, დეტალურად გაწერილი გეგმით, „ზუმერი“ – საკუთარი ციფრული პროდუქტებით, მისთვის სრულიად უცნობ ტერიტორიაზე – მოდის ინდუსტრიაში აღმოჩნდა.
კამპანიის წინაპირობა, უფრო ზუსტად, ასე ჟღერდა: ნებისმიერი ინდივიდისთვის ნებისმიერი აქსესუარი თვითგამოხატვის საშუალებას წარმოადგენს. ის ინდივიდის ხედვას, მის სამყაროსეულ აღქმას ან, თუნდაც, სტატუსს წარმოაჩენს. ტექნოლოგიების ეპოქაში აქსესუარების ეს ფუნქცია ჭკვიანმა გაჯეტებმაც თავისუფლად შეითავსეს.
ასე, მაგალითად:
- ჩვეულებრივი საათი სმარტვოჩად იქცა, რომელსაც დამატებით, უამრავი ფუნქცია აქვს;
- ეარპოდები საქმიანი იმიჯის მქონე ადამიანების განუყოფელ აქსესუარად იქცა და სხვ.
ამიტომაც, „ზუმერმა“, როგორც ქართული ტექნიკის ბაზარზე ტრენდსეტერმა (ეს არის ადამიანი/ბრენდი, რომელიც ქმნის ტენდენციას, მოდას, გვკარნახობს წესებს და ჰყავს ბევრი მიმდევარიც), მუდამ აწმყოში მცხოვრებმა ბრენდმა, გადაწყვიტა, ამ გაზაფხულს, საკუთარი აუდიტორიის წინაშე, თანამედროვე ქართული მოდის ბრენდებთან თანამშრომლობით, Lifestyle მესიჯით: „მოირგე, რას ელოდები?“ წარმდგარიყო.
ANOUKI, CROSTY, Giovanni Morra და Avtandili – ეს იმ ქართული მოდის ბრენდების ჩამონათვალია, რომელთა მიდგომები თუ ღირებულებები „ზუმერის“ ხასიათთან თანხვედრაში აღმოჩნდა.
ეთო მერებაშვილი, „ზუმერის“ მარკეტინგის დირექტორი: „ჩვენი სტრატეგიული მიმართულება ტელეფონებია და მომხმარებლებმა იციან, რომ „ზუმერში“ სმარტფონების ყველაზე დიდი არჩევანია. თუმცა მივხვდით, რომ მათ ნაკლები ინფორმაცია ჰქონდათ იმაზე, რომ ჩვენ პრემიუმ ბრენდების აქსესუარების ძალიან დიდი ასორტიმენტიც გვაქვს.
აუდიტორიამდე ზუსტად ამ ინფორმაციის კრეატიულად მიტანა გვინდოდა. დღესდღეობით, ჩვენი მოცემულობა ისე შეიცვალა, რომ ციფრულად აღჭურვისთვის მარტო სმარტფონი საკმარისი აღარაა. სახლიდან გასულს, მთელი ეკიპირება გჭირდება: ტელეფონი, საათი, ეარპოდსი, Power Bank (გარე აკუმულატორი), ქეისი და ა.შ. ბოლო ერთი წლის ტენდენციაა, რომ სმარტსაათებს, ყურსასმენებს, გაჯეტებს ჩვენს სამოსს ვუხამებთ…
სწორედ ამ დაკვირვებით, ვთქვით, რომ დღეს, ადამიანებისთვის ციფრული აქსესუარები სამკაული გახდა. ამ იდეით „ლივინგსტონთან“ მივედით. როგორც წესი, ერთმანეთის ნაფიქრს ძალიან კარგად ვიჭერთ ხოლმე და ჩვენმა სააგენტომაც, ტრადიციულად, ისეთი გადაჭრა მოგვიფიქრა, ტაშს ვუკრავდით“.
ლევან ლეფსვერიძე, „ლივინგსტონის“ თანადამფუძნებელი და კრეატიული თავმჯდომარე: „ჩვენ გადავწყვიტეთ, ამ კამპანიით „ზუმერი“ ე.წ. Lifestyle ბრენდად წარმოგვეჩინა. ვიფიქრეთ, ზუსტი დრო იყო, ციფრული აქსესუარები ფუნქციური დატვირთვისგან გაგვეთავისუფლებინა და ის, როგორც ვიზუალური თვითგამოხატვის საშუალება წარგვედგინა.
როგორ შეიძლება, ციფრული აქსესუარები ლამაზად მოირგო? ამისთვის ქართველი დიზაინერები დავიხმარეთ. ხაზგასმით, ქართველი დიზაინერები, ვინაიდან სურვილი გვქონდა, ამ კამპანიით, მხარდაჭერა მათთვისაც გამოგვეცხადებინა.
კონკრეტულად ეს ბრენდები თავიანთი ინდივიდუალური სტილიდან გამომდინარე შევარჩიეთ. მათი სამოსი კი, იმ პროდუქტებს მოვარგეთ, რომელიც „ზუმერში“ იყიდება. იმის გათვალისწინებით, რომ ამ ბრენდებს სხვადასხვა თაობისა თუ სეგმენტის მომხმარებლები ჰყავს და გარდა ამისა, ტექნიკურად, შესრულებული ვიდეორგოლები როგორც „ზუმერის“, ისე ამ ბრენდების არხებში გაიშალა – ზუსტად ამ მრავალფეროვნებამ, „ზუმერსაც“ და ქართველ დიზაინერებსაც, მათთვის უცხო აუდიტორიაზე წვდომის შესაძლებლობა მისცა. მათ მიერ, ახალი ტერიტორიების აღმოჩენა უზრუნველყო“.
4 განსხვავებული ვიდეო, ოთხი განსხვავებული კონცეფციით:
სოციალურ ქსელებში კამპანიის პირველი ვიდეორგოლი აპრილის დასაწყისში გამოჩნდა: „ზუმერული მოდა მოდის“ – გვაუწყებდა ბრენდი და მივხვდით რა, რომ „ზუმერი“ რაღაც მნიშვნელოვანი სიახლისთვის გვამზადებდა, საკმაოდ ლოგიკური შეკითხვებიც გაგვიჩნდა, მათ შორის: „ზუმერი მოდაში გადადის?“
მიუხედავად იმისა, რომ მორიგი ვიდეორგოლითაც ვერ გავარკვიეთ, „ზუმერი მოდის ინდუსტრიაში გადადიოდა, თუ არა“, ის მაინც გავიგეთ, რომ: „მოდაში ყველაფერი მოსულა – აქსესუარი, გაჯეტი, ფეხსაცმელი, კეპი“. ისიც გვითხრეს, შეუხამე ერთმანეთს და თავი შენებურად გამოხატე, ეგაა თავისუფლებაო.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ ბრენდ CROSTY-სა და Giovvani Morra-ს დამფუძნებლებმა ვიდეორგოლებში, როგორც მსახიობებმა თავად მიიღეს მონაწილეობა და ისიც გაგვიზიარეს, რომ: „მოდას პატარა დეტალები ქმნის — ირგებ შარფს, სმარტვოჩს ან სხვა ნებისმიერ ფერად აქსესუარს… ასე გამოხატავ საკუთარ თავს და აჟღერებ შინაგან ხმებს“.
ეს ნივთები უკვე არა მხოლოდ პრაქტიკული გამოყენების აქსესუარები, არამედ სტილის, ინდივიდუალიზმის ნაწილიც გახდა და შინაგანი ხმების გაჟღერებაში გვეხმარება. სწორედ ეს გახდა კოლაბორაციის წინაპირობა – ორივე ბრენდი ადამიანებს საშუალებას აძლევს, საკუთარი ინდივიდუალიზმი გამოხატონ და ფუნქციურ ნივთებთან ერთად, იდეის მატარებელი პროდუქტებიც მოირგონ“.
რაც შეეხება „ავთანდილს“, ბრენდმა ციფრული აქსესუარების გამოყენება მოდის პერსპექტივიდან ასე ახსნა: „არ აქვს მნიშვნელობა, რა გაცვია და რას უსმენ, მთავარია, ამ ყველაფერს ერთმანეთს როგორ უხამებ“.
„რას უსმენზე“ გამახსენდა, სპეციალურად კამპანიისთვის, Postred-ის მიერ, სრული ტრეკი, სახელწოდებით, „მოირგე“ დაიწერა.
ლევან ლეფსვერიძე, ლივინგსტონის თანადამფუძნებელი და კრეატიული თავმჯდომარე: „ჩვენ მოდის ინდუსტრიაში პირველი განაცხადი გავაკეთეთ! „ლივინგსტონისთვის“ ეს პირველი ასეთი მცდელობა იყო და ვიტყოდი, რომ წარმატებით ჩაიარა“.
ეთო მერებაშვილი, „ზუმერის“ მარკეტინგის დირექტორი: „ზუმერთან“ თანამშრომლობის სურვილით უკვე სხვა ბრენდებიც გამოჩნდენ და ვფიქრობთ, ამ ხაზს – მოდის ინდუსტრიასთან თანამშრომლობას, სხვადასხვა კამპანიის ფარგლებში, გავაგრძელებთ“.
ლევან ლეფსვერიძე: „დიახ, ზუსტად ესაა დასტური, რომ ამოცანა შევასრულეთ!“
მოირგე ახალი აქსესუარები, რას ელოდები?
ავტორი: თიკა გეგენავა