in

„პირველი მერცხალი ქალები“ ზუმერის კამპანიაში

პირველ მერცხალს, მიუხედავად იმისა, რომ სკეპტიკურად უყურებენ მისი ჭიკჭიკით გაზაფხულის მოყვანას, მთელი სიზუსტით და შეუპოვრად შეუძლია გვამცნოს სიახლეებთან, ცვლილებებთან და ახალ ენერგიებთან დაკავშირებული სეზონის დადგომა. ამგვარი აღქმით, პირველი მერცხალი იმ პიონერ და გამბედავ ქალებსაც იდეალურად ილუსტრირებს, რომლებმაც სხვადასხვა სფეროში ინოვაციური ნაბიჯებით რევოლუციურ სიახლეებს დაუდეს სათავე.

სწორედ ამ მიგნების შთაგონებით შეიქმნა ზუმერის მორიგი გაბედული, ქალების თვისთვის მიძღვნილი კამპანია მესიჯით „მოიყვანე გაზაფხული“, რითაც ბრენდი კვლავ გამოგვეცხადა საზოგადოებაში არაპოპულარული აზრის ქომაგად. რაც მთავარია, კიდევ ერთხელ შეგვახსენა სხვადასხვა სფეროს „პირველი მერცხალი ქალების“ თავდაუზოგავი შრომით, საკუთარი საქმის სიყვარულით და სულსწრაფად გადადგმული პირველი ნაბიჯებით მიღწეული კაცობრიობისთვის მნიშვნელოვანი წარმატებები. 

კამპანიის ფარგლებში, ზუმერის ბრენდმა აქცენტი გააკეთა როგორც ქართველ, ისე უცხოელ ქალებზე. კამპანია ნუცა ღოღობერიძით, პირველი ქართველი ქალი კინორეჟისორით დაიწყო, რომელმაც, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის კლანჭების მსხვერპლი გახდა, მაინც მოახერხა სამუდამო ისტორიის დაწერა და ახალი ეტაპის დაწყებით მნიშვნელოვანი კვალის დატოვება კინოხელოვნებაში.

ასევე, კამპანიაში შევხვდებით ნანა დიხამინჯიას — კომპიუტერული მეცნიერების პროფესორს, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობს და დაუღალავად უკვალავს გზას ამ სფეროთი დაინტერესებულ ქალებს. ამასთან, შევხდებით, ადელ გოლდბერგს, Apple-ის პირველი კომპიუტერის შექმნის უშუალო მონაწილეს და ხელის შემწყობს; სიუზენ კარეს — თანამედროვე ტექნოლოგიების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დიზაინერ ქალს, რომელიც მონაწილეობდა პირველი პერსონალური კომპიუტერის,  Apple Macintosh-ის ინტერფეისის შექმნაში. 

ნუცა ღოღობერიძე

25 წლის ასაკში ნუცა ღოღობერიძე გახდა პირველი რეჟისორი ქალი საქართველოში და მხატვრული ფილმების დამდგმელი პირველი ქალი საბჭოთა კავშირში. მის ნამუშევრებს შორისაა „ბუბა“ და „უჟმური“.

„ბუბა“ მისი პირველი ნამუშევარია, რომელიც 1930 წელს, საბჭოთა რეპრესიებამდე და გადასახლებამდე გადაიღო და რაჭაში ჩასული მოგზაურის ამბავს მიჰყვება. ფილმი 5 ნაწილისგან შედგება და ისეთ თემებზე გვიყვება, როგორებიცაა მეწყერი, წყალდიდობა და წყალმოვარდნა, რაც ზემო რაჭისთვის მაშინაც დამახასიათებელი იყო. ეს ნამდვილი „გაზაფხულის მოყვანა“ იყო იმდროინდელ რეალობაში — თითქოს, კინემატოგრაფიისთვის არავის უნდა ჰქონოდა დრო. მით უმეტეს, ქალები მხოლოდ შორიდან უვლიდნენ კინორეჟისურას და ალბათ, ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ მათი ადგილიც იყო ამ სფეროში.

რაც შეეხება „უჟმურს“, სიუჟეტი ხალხურ თქმულებაზეა აგებული, რომლის მიხედვითაც, სამეგრელოს ეს ველი მწვანე დედოფლის — გომბეშოს სამფლობელოა. ამის პარალელურად, ფილმი სამეგრელოში გავრცელებულ მალარიაზე და მასთან ბრძოლაზეა, სადაც ხალხის მტრების ბოროტებაც იკვეთება.

ადელ გოლდბერგი

ადელ გოლდბერგი ტექნოლოგიაში ერთ-ერთი ცნობილი ქალია, რომელმაც სტივ ჯობსი შთააგონა, შეექმნა ეფლის პირველი კომპიუტერი. ადელის ძალისხმევისა და კრეატიული აზროვნების გარეშე, დესკტოპს ისეთი სახე არ ექნებოდა, როგორიც დღეს აქვს — Apple-ის კომპიუტერების Macintosh ოპერაციული სისტემის ფუნდამენტური მომხმარებლის ინტერფეისი ადელისა და მისი გუნდის მუშაობით იყო შთაგონებული. რომ არა მისი ინოვაციური, „წინმსწრაფავი“ ხედვა, დღეს ციფრულ სამყაროსთან დასაკავშირებელი გზა სულ სხვაგვარი იქნებოდა.

ნანა დიხამინჯია

ნანა დიხამინჯიას მრავალწლიანი გამოცდილება აქვს მათემატიკისა და საინჟინრო-ტექნოლოგიურ სფეროში საგანმანათლებლო-კვლევების მიმართულებით.

იგი წარმატებით ხელმძღვანელობს როგორც სამეცნიერო, ისე ინდუსტრიულ პროექტებს, თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უცხოურ უნივერსიტეტებთან თუ კომპანიებთან თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებისა და დანერგვის, ისევე როგორც საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებისა და შეფასების კუთხით.

სიუზან კარე

ამერიკელი მხატვარი და გრაფიკული დიზაინერი, რომელმაც ხელი შეუწყო პირველი Apple Macintosh პერსონალური კომპიუტერის ინტერფეისის ელემენტებს და შრიფტებს. მან სამუდამოდ შეცვალა სამომხმარებლო ციფრული გამოცდილება. ის იყო მხატვარი, რომელიც გუნდს 1982 წელს რვეულით, ფანქრითა და ბევრი იდეით შეუერთდა. სწორედ სიუზანის აიკონები იქცა რეალურ სამყაროში არსებული ობიექტების ციფრულ წარმოდგენებად. და როგორც თავად განმარტავს, სწორედ ამან გახადა Macintosh მომხმარებლისთვის მოსახერხებელი.

იგი იყო დიზაინის კონსულტანტი Microsoft-ში, IBM-ში, Sony Pictures-ში, Facebook-სა და Pinterest-ში. ასევე, 2023 წლიდან კარე იყო Niantic Labs-ის თანამშრომელი როგორც პიქსელური ხელოვნებისა და გრაფიკული კომპიუტერული ინტერფეისის პიონერი. ამ ეტაპისთვის კარეს თანამედროვე ტექნოლოგიების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დიზაინერად ასახელებენ.

გარდა ზუმერის კამპანიაში წარმოდგენილი ნოვატორი ქალებისა, სტატიისთვის დამატებით მოვიძიეთ ის „პირველი მერცხალი ქალები“, რომელთაც ახალი სიტყვა თქვეს კაცობრიობისთვის:

ჰედი ლამარი

ჰედი თვითნასწავლი გამომგონებელი და კინომსახიობი იყო, რომელსაც 1942 წელს პატენტი მიენიჭა „საიდუმლო კომუნიკაციის სისტემისთვის“. ეს უკანასკნელი კომპოზიტორ ჯორჯ ანტეილის დახმარებით შეიქმნა. მართალია, იმ პერიოდისთვის სისტემა ომისდროინდელი რადიომართვადი სიხშირეებისთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ საბოლოოდ ისეთი ტექნოლოგიების განვითარების წინაპირობად იქცა, როგორებიცაა Wi-Fi, GPS და Bluetooth. და ვინმეს წარმოგიდგენიათ თანამედროვე ცხოვრება მათ გარეშე? ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის შუახანებში ჰედიმ დღევანდელი ციფრული სამყაროს არსებობას დაუდო სათავე…

ნინო ჯორჯაძე

ნინო ჯორჯაძე პირველი ქართველი ფოტომოყვარული ქალია, რომელმაც პირველი მსოფლიო ომის ისტორია წარუშლელ კადრებში მოაქცია. მისი თითოეული ნამუშევარი კი ფასდაუდებელია ქართული ფოტოგრაფიის ისტორიაში. მართალია, ამ მიმართულებით არასდროს უსწავლია, მაგრამ ყოველი კადრი თავისთავად სრულყოფილია.

ნინო ომის დაწყებისთანავე „წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის“ წევრი გახდა და როგორც მედდა, ომში წავიდა. თუმცა გარდა ამ ძირითადი მოვალეობისა, პირველი მსოფლიო ომის ფოტომატიანე შექმნა. ალბათ, ბევრისთვის წარმოუდგენელი იქნებოდა, როგორ შეეძლო მედდას, პაციენტების მოვლასთან ერთად, კადრების სამუდამო აღბეჭდვაზე ეფიქრა. უბრალოდ, მას ესმოდა, რამდენად დიდი მნიშვნელობის იქნებოდა ეს ფოტოები ისტორიულ კონტექსტში.

მარი ვან ბრიტანი ბრაუნი

მარი ვან ბრიტანი ბრაუნი მედდა იყო, რომელიც გაზრდილი კრიმინალისა და პოლიციის უმოქმედობის გამო, მუდმივ საფრთხეს გრძნობდა სახლში. სწორედ ამ პრობლემით მიიღო შთაგონება, 1966 წელს, თავის ქმართან ერთად, უსაფრთხოების სისტემა შექმნა. ეს უკანასკნელი კართან დაყენებულ მოწყობილობას მოიცავდა, რომელიც ტელევიზორს უკავშირდებოდა და აქედან აკონტროლებდნენ, ვინ დადიოდა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამასთან, მიკროფონის მეშვეობით, სახლიდან გარეთ საუბარიც შეიძლებოდა.

ამ შემთხვევაში პრობლემა იქცა მთავარ ინსპირაციად და სწორედ ძველი იდეის გათანამედროვებულ ვერსიას ვეყრდნობით ამჟამად, როცა სახლებთან სპეციალურ კამერებს ვამონტაჟებთ.

მერი უილკსი

მერი უილსკი ყოფილი კომპიუტერული პროგრამისტი და ლოგიკის დიზაინერია. ის ცნობილია LINC-ისთვის, ინტერაქციული პერსონალური კომპიუტერის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული სისტემის, პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებით. 1965 წელს მერი გახადა პირველი ადამიანი, რომელმაც სახლში გამოიყენა კომპიუტერი. მისი ნამუშევარი ინგლისში კომპიუტერების ეროვნულ მუზეუმში, ბლეჩლის პარკშია დაცული. დღეისათვის პერსონალური კომპიუტერი იშვიათ პროდუქტს არ წარმოადგენს, მაგრამ მაშინ ნამდვილად დიდი წინსვლა იყო.

გიული ჩოხელი

გიული ჩოხელი პირველი ქართველი ჯაზ-მომღერალია, რომელმაც ქვეყნისა და მსოფლიოს მუსიკალურ მემკვიდრეობას უდიდესი კვალი დაატყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ფოკლორი სრულიად უნიკალურია და მრავალფეროვან კომპოზიციებს აერთიანებს, ალბათ გასული საუკუნის 50-იანი წლების დასაწყისში საკმაო გამბედაობა სჭირდებოდა განსხვავებულ ჟანრში სიმღერას. აქ ხომ მხოლოდ უცხოეთიდან შემოსული ხმები ჟღერდებოდა იმ ფორმით, თუმცა გიული ჩოხელმა მალევე მოიპოვა პოპულარობა როგორც საქართველოში, ისე საზღვრებს გარეთ. ასე ვთქვათ, ნამდვილი „პირველი მერცხალი ქალი“ იყო ჯაზის ადგილობრივ ისტორიაში…

ელიზაბეტ ფეინლერი

1972 წლიდან 1989 წლამდე ელიზაბეტ ფეინლერი მართავდა ქსელის საინფორმაციო ცენტრს (NIC) კალიფორნიაში, რომელიც „წინაისტორიულ გუგლს“ მოგვაგონებდა. NIC იყო ციფრული სივრცე, რომელმაც რესურსები გამოაქვეყნა ინტერნეტისთვის, შეიმუშავა ორიგინალური „თეთრი გვერდებისა“ და „ყვითელი გვერდების“ დირექტორიები. ელიზაბეტის ჯგუფმა ასევე შეიმუშავა დომენის დასახელების სქემა .com, .edu, .gov, .net და მრავალი სხვა, რომელსაც დღეს ხშირად ვიყენებთ. რომ არა ელიზაბეტის ინიციატივა თუ შესაძლებლობები, ისიც არ ვიცით, რამდენად იარსებებდა ვებგვერდების სისტემა…

[პარტნიორის კონტენტი]

პირველი ტატუ ისტორიაში „ყინულის კაცს“ ეკუთვნის

როგორ გადავლახოთ ინოვაციებთან დაკავშირებული გამოწვევები