in

NBA სტანდარტები და IBAM-თან პარტნიორობა – რა სიახლეები გელით ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიაში ახალ სეზონზე

ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემია საიუბილეო სეზონს საინტერესო სიახლეებით იწყებს. მეათე სეზონის დადგომასთან ერთად, აკადემიამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ინფრასტრუქტურული განვითარების, ასევე საერთაშორისო კავშირების მიმართულებით. მოგეხსენებათ, აქ ფუნქციონირებს ევროპაში პირველი Shoot360 Tbilisi, ცოტა ხნის წინ კი, მიუნხენის საერთაშორისო საკალათბურთო აკადემიასთან (IBAM) ხუთწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა გაფორმდა. ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ წარამტებული ნაბიჯების, რომლებიც აკადემიამ ახალი სეზონისთვის მოამზადა. NBA-ს სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ტექნოლოგიები, Ballislife-თან კოლაბორაციით დაგეგმილი Shooting ლიგა – ყველაფერი ეს ქმნის უნიკალურ ეკოსისტემას, სადაც ნიჭიერი ახალგაზრდები ვითარდებიან.

აკადემიამ ახალი, მეოთხე ფილიალი გახსნა კრწანისში, სადაც მოსწავლეებს გამორჩეული გარემო დახვდებათ. სიახლეებია აკადემიის პროფესიონალთა შემადგენლობაშიც. ამავდროულად, მთავარ პრიორიტეტად რჩება ქართულ კალათბურთში ხარისხიანი განათლებისა და განვითარების სტანდარტების შექმნა, რითაც ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემია ახალი თაობის საერთაშორისო წარმატების საწინდრადაც იქცა. დეტალებზე აკადემიის გენერალური მენეჯერი სოფო სიმონიშვილი გვესაუბრა.

M: როგორ ემზადებით მეათე საიუბილეო სეზონისთვის? რა სიახლეებით ხვდებით ახალ სეზონს?

ჩვენთვის ეს სეზონი მართლაც განსაკუთრებულია – ათი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ზაზა ფაჩულიას აკადემიას ჩაეყარა საფუძველი! ეს ათწლიანი თავგადასავალი ჩვენთვის არა მხოლოდ სიმბოლური, არამედ უაღრესად მნიშვნელოვანი ეტაპია. ამ წლების განმავლობაში გავლილი გზა გვიბიძგებს განვაცხადოთ, რომ მოვიპოვეთ უდიდესი ნდობა ქართულ სპორტულ სივრცეში და რაც მთავარია, წარმატებით გავედით საერთაშორისო ასპარეზზეც.

წელს, განსაკუთრებით ვამაყობთ ახალი პარტნიორობით! ჩვენი მთავარი მწვრთნელის, ალექს არიასის დაუღალავი შრომის წყალობით, გავაფორმეთ თანამშრომლობა გერმანიის ერთ-ერთ წამყვან საკალათბურთო აკადემიასთან – IBAM-თან (International Basketball Academy Munich). უკვე ვხედავთ ამ პარტნიორობის პირველ ნაყოფსაც – სამი ნიჭიერი აღსაზრდელი გერმანიაში გაემგზავრა ახალი გამოცდილების მისაღებად, ხოლო ერთი – ამერიკაში. ეს ნაბიჯები ჩვენი ფართო სტრატეგიის ნაწილია – გავუხსნათ ახალგაზრდა ტალანტებს საერთაშორისო კარიერის კარი და შევუქმნათ მათ განვითარების უნიკალური შესაძლებლობები.

მეათე სეზონთან დაკავშირებით, სიახლეა გუნდშიც. სპორტულ დირექტორად მოვიწვიეთ ბატონი გივი სანაძე – გამორჩეული პროფესიონალი, რომლის მრავალწლიანი გამოცდილება და სტრატეგიული ხედვა ახალ სიმაღლეებზე აგვიყვანს. ასევე შემოგვიერთდა სპორტის ფსიქოლოგი მაიკო ნანიტაშვილი, გამოცდილი მწვრთნელები და მარკეტინგის სპეციალისტები. ეს გაძლიერებული გუნდი გვეხმარება დავნერგოთ კიდევ უფრო მაღალი სტანდარტები და შევქმნათ ახალი შესაძლებლობები.

ამას გარდა, წელს გავხსენით ახალი, მეოთხე ფილიალი, რომელიც კრწანისშია განთავსებული. ეს მხოლოდ დასაწყისია – სამომავლოდ კიდევ უფრო მასშტაბურ გაფართოებას ვგეგმავთ.

ჩვენი მთავარი მისია უცვლელი რჩება – ვქმნით ხარისხიანი განათლებისა და განვითარების სტანდარტებს ქართულ კალათბურთში, სადაც თითოეულ ბავშვს აქვს შესაძლებლობა არა მხოლოდ სპორტული, არამედ პიროვნული ზრდისთვისაც.

აკადემია ამაყად წარმოადგენს გოგონათა გუნდს – რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სპორტში გოგონების ჩართულობისა და განვითარების თვალსაზრისით.

გარდა ამისა, ჩვენთან ვარჯიშობენ სუპერლიგის გუნდებიც, რაც გარემოს კიდევ უფრო პროფესიულსა და შთამაგონებელს ხდის.

და რაც ყველაზე  მთავარია, დარბაზების ქირაობა საათობრივადაც შესაძლებელია, რაც ყველას აძლევს საშუალებას იმუშაოს საკუთარ უნარებზე და განავითაროს პოტენციალი პროფესიონალურ სივრცეში.

M: რას ნიშნავს Shoot360 ტექნოლოგია ქართული კალათბურთისთვის და რატომ გადაწყვიტეთ ამ ინოვაციის საქართველოში დანერგვა?

გადავწყვიტეთ ამერიკული ინოვაციური პლატფორმა Shoot360 შემოგვეტანა საქართველოში, რომელიც სპორტსმენებს საშუალებას აძლევს დამოუკიდებლად განავითარონ და სრულყონ საკუთარი უნარები. Shoot360 შექმნილია NBA-ის სტანდარტებისა და უახლესი ტექნოლოგიების გათვალისწინებით. აქ, ტექნოლოგია და კალათბურთი სრულ ჰარმონიაში ერთიანდება. განსაკუთრებით ვამაყობთ, რომ ამ მხრივ, აკადემიის თბილისის ფილიალი პირველია მთელ ევროპაში.

აღსანიშნავია, რომ Shoot360 არ არის მხოლოდ პროფესიონალებისთვის, არამედ შესანიშნავი საშუალებაა მოყვარულებისთვისაც. ჩვენი სივრცე იდეალურია როგორც სპორტული აქტივობისთვის, ასევე გასართობად. ხშირად გვსტუმრობენ კომპანიები თიმბილდინგის ღონისძიებებისა და დაბადების დღეებისთვისაც კი. პროგრამა საშუალებას იძლევა, რამდენიმე მონაწილე ერთმანეთს რეალურ დროში შეეჯიბროს და გამოვლინდეს გამარჯვებული – რაც პროცესს საინტერესოს, დინამიკურსა და კონკურენტულს ხდის.

ჩვენთან ფუნქციონირებს პატარა კალათბურთელების ჯგუფებიც – 3-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. ეს მათ საშუალებას აძლევს, ჯერ კიდევ პატარა ასაკიდან მოემზადონ დიდი სპორტისთვის.

გარდა ამისა, რეგულარულად ვატარებთ ტურნირებსა და კლინიკებს, სადაც სხვადასხვა კლუბებისა და აკადემიების სპორტსმენები და მოყვარულები ერთიანდებიან.

Shooting 360-ში არის თანამედროვე ტექნოლოგიებით შექმნილი გარემო, სადაც სპორტსმენი ყოველ ვარჯიშზე იღებს მყისიერ უკუკავშირს. ეს აჩქარებს მის პროგრესს და მნიშვნელოვნად ზრდის თამაშის ხარისხს. ასევე, აღსანიშნავია, რომ ჩვენთან პირველი ვიზიტი სრულიად უფასოა!

M: გვიამბეთ Shooting ლიგისა და მისი მნიშვნელობის შესახებ, რომელსაც Ballislife-თან კოლაბორაციით უძღვებით

ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, ვიწყებთ ახალი პროდუქტის  Shooting Leagueის დანერგვას, რომლის სპონსორიც არის Ballislife. ეს მნიშვნელოვანი გამოწვევაა თითოეული მონაწილისთვის და ყველას ვურჩევ, ჩაერთოს ამ პროცესში. ტურნირში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მსურველს 14 წლის ზემოთ. საკმაოდ მიმზიდველი საპრიზო ფონდი გელით.

M: თქვენი აკადემიის მოდელი აერთიანებს სპორტულ, ფსიქოლოგიურ და სამედიცინო მიმართულებებს. როგორ აისახება ეს კომპლექსური მიდგომა ახალგაზრდა სპორტსმენების განვითარებაზე?

ZPA-ის ყველაზე მთავარი ღირებულება არის ბავშვების აკადემიური მოსწრება, რასაც ვაკონტროლებთ მთლიანი წლის მანძილზე, მწვრთნელების მხრიდან კი ხდება ბავშვების ინფორმირება და მოტივაციის ამაღლება სწავლასთან დაკავშირებით.

ჩვენი აკადემიის სპორტის ფსიქოლოგი მაიკო ნანიტაშვილი პირველი სპეციალისტია საქართველოში, რომელმაც სპორტული ფსიქოლოგიის სისტემური მიდგომა დანერგა. მაიკო ესწრება ვარჯიშებს და ამზადებს სპორტსმენებს თამაშებისთვის და საერთაშორისო ტურნირებისთვის. მისი მიზანია, შეამციროს ბავშვების სტრესი, გაზარდოს მათი თავდაჯერებულობა და მოტივაცია, რაც საბოლოოდ მნიშვნელოვნად აისახება როგორც შედეგებზე, ისე მათ პიროვნულ ზრდაზე და წარმატებაზე.

აკადემიას ჰყავს პირველადი დახმარების ექიმი რეაბილიტოლოგი, რომელიც უკვე 8 წელია მუშაობს ჩვენთან და სპორტული ტრავმების მართვისა და მკურნალობის დიდი გამოცდილება აქვს.

ამას გარდა, თანამედროვე აპარატურა საშუალებას გვაძლევს სპორტსმენებს სრულფასოვანი ტრავმისშემდგომი რეაბილიტაცია შევთავაზოთ.

M: რა პერსპექტივებს ქმნის IBAM-თან თანამშრომლობა და როგორ მოხდება ქართველი კალათბურთელების შერჩევა გერმანიაში გასამგზავრებლად?

IBAM-თან პარტნიორობა მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის, როგორც ახალგაზრდა კალათბურთელებისთვის, ისე მწვრთნელებისა და აკადემიისთვის. IBAM-ის წარმომადგენლებს ექნებათ წვდომა ზაზა ფაჩულიას აკადემიის ბაზასთან და ახალი მოთამაშეების შერჩევის პროცესში გადაწყვეტილებებს თავად მიიღებენ. მათ მიერ შერჩეული კანდიდატები სრულად დაფინანსდებიან. თანამშრომლობის ფარგლებში გათვალისწინებულია:

  • ქართველი მოთამაშეების ტრანსფერების ხელშეწყობა საქართველოდან გერმანიაში;
  • ერთობლივი საერთაშორისო საკალათბურთო ღონისძიებებისა და ტურნირების ორგანიზება;
  • სკაუტების ჩართულობით თავისუფალი მოთამაშეებისთვის განვითარების გზის შექმნა და რეკრუტინგის სისტემის დანერგვა;
  • მწვრთნელებისა და მოთამაშეების განვითარების თანამედროვე მეთოდოლოგიების ჩამოყალიბება, რაც სარგებელს მოუტანს ორივე მხარეს;
  • სპორტული და აკადემიური კარიერის შესაძლებლობების უზრუნველყოფა ZPA-ი მოთამაშეებისთვის;
  • ყოველწლიურად, შერჩეული ქართველი მწვრთნელების მიწვევა მიუნხენში პროფესიული გადამზადებისა და გამოცდილების გასაზიარებლად.

გარდა ამისა, IBAM რეგულარულად აწყობს საერთაშორისო ტურნირებს, სადაც მოწვეულნი    იქნებიან შერჩეული სპორტსმენები. ამ ტურნირებში წარმატებით გამოსვლის შემთხვევაში კანდიდატებს ექნებათ შესაძლებლობა, გააფორმონ გრძელვადიანი კონტრაქტი და კარიერა განაგრძონ გერმანიაში.

M: როგორც ახსენეთ, აკადემია ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. როგორ უწყობთ ხელს ახალგაზრდების სრულფასოვან განვითარებასა და მათ ხელშეწყობას საერთაშორისო ასპარეზზე?

როგორც იცით, სპორტი საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ დავიცვათ ბალანსი და ყველას მივცეთ სპორტში ჩართვის შესაძლებლობა. აკადემიას ყოველწლიურად აქვს სპეციალური ბიუჯეტი, რომელიც ნიჭიერი ბავშვების დაფინანსებას ემსახურება – მათ შორის გუნდურ და ინდივიდუალურ ვარჯიშებში, ფიზიკურ მომზადებაში, ტურნირებში მონაწილეობასა და საცხოვრებელ პირობებში.

ასევე გვაქვს შეღავათები სხვადასხვა სოციალური პირობების მქონე ოჯახებისთვის, ინდივიდუალურად ვსწავლობთ თითოეულ ქეისს, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ თითოეულ ოჯახს, ვცდილობთ მოქნილები ვიყოთ ამ პროცესშიც.

ჩვენი გუნდი სრულად ორიენტირებულია იმაზე, რომ საქართველოში მოვიძიოთ ნიჭიერი ბავშვები და მივცეთ ყველა საჭირო რესურსი მათი სრულყოფილი განვითარებისათვის. აკადემიას აქვს სპორტსმენების საერთო საცხოვრებელი, სადაც რეგიონებიდან ჩამოსულ ბავშვებს აქვთ საშუალება იცხოვრონ აკადემიაში სასტუმროს პირობებში.

ჩვენ მუდმივ კომუნიკაციაში ვართ საერთაშორისო პარტნიორებთან, ხოლო ჩვენი სპორტსმენები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებში, სადაც ეძლევათ შესაძლებლობა წარმოაჩინონ საკუთარი ნიჭი. ასეთ ღონისძიებებს ესწრებიან სხვადასხვა ქვეყნის სკაუტები, რომლებიც აკვირდებიან მოთამაშეებს და შემდგომ აკადემიასთან თანამშრომლობენ მათ განვითარებაზე.

აკადემია სრულად არის ჩართული ამ პროცესში ვზრუნავთ, რომ ჩვენს სპორტსმენებს ჰქონდეთ შესაძლებლობა განაგრძონ განათლება და პროფესიული განვითარება ისეთ გუნდებში, სადაც შეძლებენ მაღალი შედეგების მიღწევას. კონტრაქტების გაფორმებისას კი ყოველთვის ვამახვილებთ ყურადღებას მათ ინტერესებსა და ზრდის პერსპექტივებზე, რათა თავიდან ავიცილოთ განვითარების შემაფერხებელი ფაქტორები.

M: როგორც გენერალურ მენეჯერს, რომელმაც ეს როლი ცოტა ხნის წინ ჩაიბარა – როგორი სტრატეგიული ხედვა გაქვთ აკადემიასთან დაკავშირებით და რა ნაბიჯებს გადადგამთ იმისთვის, რომ ის რეგიონის წამყვან საკალათბურთო ცენტრად იქცეს?

შემიძლია ხმამაღლა ვთქვა, რომ ჩვენ ისედაც წამყვანი აკადემია ვართ საქართველოს ბაზარზე, ბევრწლიანი გამოცდილებითა და ინფრასტრუქტურით. აკადემია არის საქართველოში ერთადერთი სივრცე, სადაც სპორტსმენს აქვს საშუალება მიიღოს ყველა სერვისი ერთ სივრცეში, ივარჯიშოს პროფესიონალურ დარბაზში, მოემზადოს ინდივიდუალურად, განვითარდეს ფიზიკურად ცალკე ფიზიკური მომზადების დარბაზში, იაროს Shoot360-ში გამოიყენოს საცხოვრებელი სივრცე, იკვებოს სპორტულად, მიიღოს სამედიცინო/ფსიქოლოგიური კონსულტაცია, დახმარება და რაც ყველაზე მთავარია, ჩაერთოს პროფესიონალების დახმარებით, ხარისხიან ვარჯიშში. ამ აკადემიის სახელი თავად აღნიშნავს წარმატების სიმბოლოს.

ჩემთვის როგორც გენერალური მენეჯერისთვის უდიდესი პასუხისმგებლობა იყო, როგორც პროფესიონალური კუთხით ისე, როგორც მშობელი ჩავრთულიყავი ამ პროცესში, მე თავად მყავს ორი შვილი და თითოეული მშობლის და ბავშვის მიმართ ვგრძნობ უდიდეს პასუხისმგებლობას, ვინც ამ სივრცეში შემოაბიჯებს. შესაბამისად, ყველაფერს ვაკეთებ და გავაკეთებ იმისთვის, რომ აკადემიაში იყოს თბილი, ოჯახური, უსაფრთხო გარემო, და ყველა ის პირობა, რაც  ყველაზე მნიშვნელოვანია სპორტსმენად ჩამოყალიბების  და წარმატების მიღწევის პროცესში, რაც არის: დისციპლინა, განვითარება, განათლება, გუნდურობა და ა.შ.

შეიძლება ითქვას, რომ ჩემი სტრატეგიის პირველი მიზანი შესრულებულია, რადგან შევკრიბე გუნდი, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს ამ სფეროში, არიან თავის საქმის პროფესიონალები, ჩვენ გავზარდეთ  ვარჯიშების ხანგძლივობა და  მთავარ მწვრთნელთან ერთად შევიმუშავეთ ხარისხიანი და პროფესიონალური სავარჯიშო გეგმა.

ვგეგმავთ და ვმუშაობთ თითოეულ დეტალზე ერთად, გუნდურად და ისე ვიღებთ გადაწყვეტილებებს. 

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა თამაშების ნაკლებობა კალათბურთის მიმართულებით და შესაბამისად, ამ ნაწილზეც ვმუშაობთ. ვგეგმავთ სხვადასხვა შიდა თუ გასვლითი ტურნირის ჩატარებას. ახლა უკვე ოთხი ფილიალით, გვაქვს შესაბამისი რესურსი, რომ სხვადასხვა ლოკაციაზე ჩავატაროთ ტურნირები, განსხვავებული ასაკობრივი კატეგორიისთვის.

ჩემი მიზანია, სწორი საკომუნიკაციო სისტემის შექმნა მშობლებთან, რადგან მათი როლი ძალიან მნიშვნელოვანია სპორტსმენის განვითარებაში. გვაქვს და ვაგრძელებთ შეხვედრებს მათთან სისტემატიურად, რათა ჰქონდეთ სრული ინფორმაცია მათი შვილების განვითარებაზე და შესაძლებლობებზე, სწორი შეფასება და სწორი მოლოდინების შექმნა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ობიექტურობა და თავიდან ავიცილოთ არასწორი მოლოდინები. ეს საკმაოდ პრობლემური საიკითხია საქართველოში, რასაც ვფიქრობ, ბევრი მუშაობა დასჭირდება. 

[R]

NBC – ამერიკული მაუწყებლობის პიონერი, წარსულიდან ციფრულ ეპოქამდე

რიცხვებს მიღმა – ხატია სიხარულიძის პროფესიული გზა BAUMER-ში