in

რატომ გვიჭირს ზრდასრულ ასაკში მეგობრების შეძენა?

M2
M2

ალბათ, ერთხელ მაინც გიფიქრიათ, რატომ არის მეგობრობა ასეთი მნიშვნელოვანი და რატომ ვგრძნობთ თავს ცუდად მათ გარეშე… როგორც მარისა ფრანკო, მეგობრობის ექსპერტი განმარტავს, ჩვენმა ორგანიზმმა ყოველთვის იცოდა მთელი საზოგადოების საჭიროების შესახებ, რათა თავი მთლიანობის ნაწილად გვეგრძნო.

„პირობითად, მხოლოდ მეუღლესთან სიახლოვე საკმარისი არ არის, რადგან ჩემი ის ნაწილი, რომელსაც იოგა ან მებაღეობა ხიბლავს, ნელ-ნელა დაიწყებს კვდომას, თუ პარტნიორს ანალოგიური ინტერესები არ აქვს. ხოლო მეგობრებთან ერთად ამის კეთების საშუალება მეძლევა და ჩემი პიროვნებაც სულ უფრო იზრდება“. 

ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც მეგობრობა მართლაც აუცილებელია, უბრალოდ, დამეგობრება ყოველთვის ბუნებრივი და თავისთავადი პროცესი არ არის — განსაკუთრებით, ზრდასრულ ასაკში. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ დამეგობრება იღბლის დამსახურებაა, თავს გაცილებით მარტოსულად გრძნობენ. ხოლო ისინი, ვინც მეგობრობას ძალისხმევის ნაწილად მიიჩნევენ, ნაკლებად განიცდიან მარტოობას. მარტივი მაგალითის მოხმობაც შეგვიძლია: წარმოიდგინეთ, მთელი ცხოვრება იმის მოლოდინი რომ გქონდეთ, როდის დაგაკავშირებთ ბედი თქვენ და თქვენს მეზობელს… ეს ან მოხდება, ან არა — ანდაც, მინიმუმ, ძალიან დიდ დროს დაკარგავთ.

გარდა ამისა, პიროვნებას ე. წ. „სიმპათიის უფსკრული“ ახასიათებს — ეს არის ფენომენი, როდესაც უცნობები წინასწარ ცდილობენ იმის განსაზღვრას, რამდენად მოეწონებათ ერთმანეთი. ამის გათვალისწინებით, ყოველთვის დადებითად უნდა განვეწყოთ საკუთარი თავისადმი და ვივარაუდოთ, რომ ხალხს მოვწონვართ. მსგავსი მიდგომა გვეხმარება, წინასწარი დამოკიდებულება შევიქმნათ, შიშებისა და კომპლექსებისგან გავთავისუფლდეთ — მეტი თავდაჯერებულობა ვიგრძნოთ. ხოლო თუ პირიქით, დავიჯერებთ, რომ არავის მოვეწონებით, ჩვენი ქმედებები სწორედ ამ აზრის განმტკიცებისკენაა მიმართული.

მეგობრების გარეშე რატომ ვგრძნობთ თავს მარტოსულად?

ყველასათვის საძულველ, პანდემიის პერიოდს თუ გავიხსენებთ, სწრაფადვე ამოტივტივდება არასასურველი მოგონებები — მაგალითად, როგორ გამოვიკეტეთ სახლებში და ჩამოვშორდით ყველაფერს. ბევრი ჩვენგანი მარტო არც ყოფილა, მათ მეუღლეები, შვილები და ოჯახის სხვა წევრები ჰყავდათ, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. „ჩვენ, როგორც სოციალურ არსებებს, მთელი საზოგადოება გვჭირდება, რათა თავი სრულფასოვნად ვიგრძნოთ“, — განმარტავს მარისა.

სოციალური კავშირების მოთხოვნილებას ეხმიანება შემდეგი ფაქტიც: ხართ თუ არა მეგობრული, გახსნილი, გულთბილი, დაუცველი, მიმნდობი, ცინიკური, აგრესიული ან თუნდაც მოძალადე, ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გამოიყურება თქვენი ურთიერთობის ისტორია. სხვა სიტყვებით, ადამიანური კავშირები ჩვენი პიროვნების ჩამოყალიბებაზე მოქმედებს.

აქ საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ე. წ. „სანდრო მეგობრებს“ — ანუ, მათ, ვინც სხვებს თვითრეალიზაციის ინსტრუმენტად ან გრძნობების თუ ემოციებისგან თავის დასაღწევად არ იყენებენ, ბავშვობიდან მოყოლებული ახლო ურთიერთობები აქვთ ადამიანებთან.

რატომ გვიჭირს დამეგობრება, როცა უკვე ზრდასრულები ვართ?

ფსიქიატრ ჰარი სტეკ სალივანს „მეგობრების თეორია“ აქვს — მის თანახმად, ადრეულ ასაკში შეძენილი მეგობრები ურთიერთობის ერთგვარ შაბლონს გვაძლევენ. მაგალითად, თუ ბავშვობაში ახლო მეგობრები გვყავს, ზრდასრულ ასაკში მეტად ემპათიურები ვართ და უფრო ადვილია უცნობებთან ემოციური კავშირის დამყარება.

ხოლო საწინააღმდეგო შემთხვევაში, პიროვნება სავსეა შიშებით, რომ ვერ მოახერხებს დადებითი ურთიერთობების ჩამოყალიბებას. ამასთან დასაპირისპირებლად, მარისა ფრანკო საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს, როცა მექსიკაში მარტო წავიდა 10 დღით და ახალი მეგობრების გაჩენის იმედი არ ჰქონია. ამის საპირისპიროდ, პირველივე კაფეში შეხვდა ამერიკელ ტურისტს და გააცნობიერა, რომ ყოველთვის არიან ადამიანები, რომლებიც თავს მარტოდ გრძნობენ და „ურთიერთობის წყურვილი“ კლავთ.

„ყოველთვის ვფიქრობდი, თითქოს მეგობრების შეძენა იმაზეა დამოკიდებული, რამდენად საინტერესო, ჭკვიანი, ქარიზმატული და მხიარული ხარ. რეალურად კი, ესენი ის მახასიათებლები, რომელთაც ყველაზე ნაკლებად ეძებენ მეგობრებში — მთავარია, ვინ გაგრძნობინებთ თავს ღირებულად. ამიტომაც, შთაბეჭდილების მოხდენას აღარ ვცდილობ, უბრალოდ, ადამიანებს ვაგრძნობინებ, რომ ისინი ჩემთვის რაღაცას ნიშნავენ“, — ჰყვება მარისა.

რა ხდება ვირტუალური ურთიერთობების და დისტანციური მეგობრობის შემთხვევაში?

კვლევებით ვიცით, რომ პირადი კავშირები უფრო ძლიერია, ვიდრე ვირტუალური. თუმცა აქ საზოგადოების გარკვეული წარმომადგენლებიც უნდა გავითვალისწინოთ: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები; მძიმე სოციალური შფოთვის მქონე ადამიანები; ხანდაზმულები, რომელთაც გადაადგილება უჭირთ და ა. შ. ასეთ დროს რთულია ხალხთან პირისპირ შეხვედრა და ამიტომაც, უმჯობესია „ოფლაინ უნარების“ ონლაინისკენ მიმართვა — მაგალითად, ისინი, ვინც აქტიურად ურთიერთობენ სოციალურ ქსელებში, მესიჯობენ, წერენ კომენტარებს, ნაკლებად მარტოსულად გრძნობენ თავს.

ამრიგად, ღრმა ვირტუალური კავშირების ქონა შესაძლებელია — უბრალოდ, იმავე პრინციპები უნდა გამოვიყენოთ, რომლებსაც ფიზიკური შეხვედრებისას მივმართავთ.

რაც შეეხება დისტანციურ მეგობრობას, აქ მთავარია, როგორ მიდგომას შევიმუშავებთ. მარისას თქმით, პირველ რიგში, ურთიერთობა მოქნილ სხეულად უნდა აღვიქვათ და არა, მყიფე. გამოდის, მისაღებია ამის თქმა: „თვეებია, ამ ადამიანთან არ მილაპარაკია, მაგრამ ნებისმიერ დროს შეგვიძლია ურთიერთობის განახლება“; ხოლო მეგობრობის ისე აღქმა, რომ რამდენიმეთვიანი პაუზა მის დასასრულს ნიშნავს, არასწორია.

როგორ ვიმუშაოთ „ვორკაჰოლიკთან“?

Cadbury მარტოხელებს ვალენტინობის დღის სენტიმენტებისგან იხსნის