ვისაც თბილისში, ჯაზის საღამოებზე სიარული გიყვართ, ზუკა სიმონიშვილის სახელი თქვენთვის ნაცნობი იქნება. ის გიტარისტი და საავტორო მუსიკის ავტორია, რომელმაც აქტიური მუსიკალური კარიერა დაახლოებით ოთხი წლის წინ დაიწყო და მის სახელზე უკვე ორი ალბომი ირიცხება, მესამე, სრულიად სოლო ნამუშევარი კი მზადების პროცესშია.
როგორც თავად გვიყვება, გიტარაზე დაკვრა თავდაპირველად დამოუკიდებლად შეისწავლა. ყველაფერი საყვარელი ბენდების, განსაკუთრებით, Nirvana-ს მოსმენით დაიწყო, რამაც სტიმული მისცა, რომ თვითონაც დაეწყო დაკვრა.
„14 წლის ვიყავი, როდესაც პირველად შევიძინე ელექტროგიტარა და, შეიძლება ითქვას, ეს იყო პირველი მთავარი ნაბიჯი ამ სფეროში. 19 წლიდან კი გადავწყვიტე, რომ უკვე პროფესიონალურ დონეზე შემესწავლა მუსიკა. კერძოდ, უფრო ჯაზით ვიყავი დაინტერესებული და პირველი სირთულეც ალბათ ამას უკავშირდება. საკმაოდ დიდი დრო დამჭირდა, რომ გადამელახა ის პროცესები, რომლებიც ამ ჟანრის პროფესიონალურ სწავლას უკავშირდება. 2-3 წლის გასვლის შემდეგაც კი, ჯერ კიდევ არ ვიყავი საკუთარი თავით კმაყოფილი, თუმცა მაინც არ ვნებდებოდი, ვაგრძელებდი შრომას და იქამდე მივედი, რომ ბოლოს იმ შედეგს მივაღწიე, რაც მინდოდა.
ასევე, სირთულედ მახსენდება ისიც, რომ გარკვეული დროის განმავლობაში ვერ ვხედავდი პერსპექტივას, არ ვიცოდი, სად უნდა მეპოვა ის, ამიტომ, უბრალოდ მივყევი იმას, რისი კეთებაც მომწონდა და სწორედ ამაში დავინახე პერსპექტივაც”, – ასე იხსენებს მუსიკალურ საწყისებს ზუკა სიმონიშვილი.
მის მუსიკალურ გემოვნებაზე ბევრმა არტისტმა თუ ჟანრმა იქონია გავლენა, ამიტომ ფიქრობს, რომ ერთი კონკრეტულის დასახელება მისი მხრიდან სწორი არ იქნება. სწორედ ამ მრავალფეროვნების დამსახურებაა ალბათ, რომ თავადაც არ ერიდება ექსპერიმენტებს მუსიკაში და მის საავტორო ნამუშევრებში თამამი გადაწყვეტილებები შეინიშნება, თუმცა ყველაზე ხშირად მაინც კლასიკურ ნაწარმოებებს უსმენს და ფიქრობს, რომ ინსპირაციაც ხშირად აქედან მოდის.
„შემოქმედებით პროცესში არასოდეს ვფიქრობ რაიმე კონკრეტულ გზავნილზე ან ემოციაზე, რომელიც მინდა, რომ იმ მომენტში შევქმნა. ყველაფერი ძალიან ბუნებრივად, თავისთავად მოდის: უბრალოდ, ვჯდები გიტარასთან, ვიწყებ რამდენიმე თემის დაკვრას, რაც თავში მომდის, შემდეგ კი ვფილტრავ იმის მიხედვით, თუ რა უფრო მეტად მომეწონა და ახლოს იყო ჩემთან. ერთი სიტყვით, ძირითადად, ყველა ჩემი ნამუშევარი იმპროვიზაციით იწყება და შემდეგ იღებს სრულყოფილ სახეს. მთავარია, მომწონდეს, რასაც ვაკეთებ, ესაა ჩემი მესიჯიც და ემოციაც”, – გვიზიარებს ზუკა.
გარდა იმისა, რომ ზუკა საავტორო მუსიკაზე მუშაობს, ის ცნობილია სხვა არტისტებთან კოლაბორაციებითაც. მაგალითისთვის გავიხსენებთ საკმაოდ პოპულარულ დუეტს Zuk n’Sos, რომელშიც ის სოსო ცაგარეიშვილთან ერთად ქმნის. მათი ერთობლივი ნამუშევარია ალბომი „Cake Recipe”, რომელსაც სახელი ამავე სახელწოდების სიმღერის გამო დაერქვა. ზუკა გვიყვება, რომ სხვადასხვა მუსიკოსთან თანამშრომლობა საერთო გემოვნებითა და იდეებით, ხშირად სპონტანურადაც ხდება.
როგორც ამ რუბრიკის ფარგლებში უკვე ერთგვარ ტრადიციადაც გვექცა, რესპონდენტს ვკითხეთ, თუ რას ფიქრობდა დღევანდელი მუსიკალური ინდუსტრიის შესახებ საქართველოში. მისი გადმოსახედიდან რის შეცვლას ისურვებდა და ასეთი პასუხი მივიღეთ:
„ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ალბათ ისაა ამ სფეროში, რომ მეტი საკონცერტო სივრცე იყოს ექსპერიმენტალური მუსიკისთვის. ყველანაირი ჟანრის მუსიკოსს ჰქონდეს შესაბამისი სცენა, სადაც შესაძლებლობებს გამოავლენს და თავის მსმენელს იპოვის”.

უახლოეს გეგმებში მორიგი ალბომის გამოშვება აქვს. თუკი წინა ალბომებში ბევრ კოლაბორაციას შეხვდებოდით, ახალი თავიდან ბოლომდე ზუკას სოლო ნამუშევრებით იქნება წარმოდგენილი. ალბომს ერქმევა „ნოემბერი”, რადგან მასზე მუშაობა სწორედ ამ თვეში დაიწყო. როგორც ზუკა მსმენელს ჰპირდება, ალბომი განსხვავებული იქნება წინა ნამუშევრებისგან, ახალი, სხვადასხვა ჟღერადობით, თუმცა მთავარ ინსტრუმენტად გიტარა რჩება.
დანარჩენს უფრო ვრცლად მისი გამოსვლის შემდეგ შევიტყობთ და თავად მოვუსმენთ. მანამდე კი ზუკამ მკითხველს დაუტოვა ტრეკი, რომელსაც ის ბოლო პერიოდში თავად უსმენდა და ამ ჰანგებზე დაგვემშვიდობა.
რუბრიკა zeekr Music Discovery-ს წარმოგიდგენთ Zeekr
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი














