in

ქართველი ხელოვანი, რომელმაც ცნობილი არქიტექტურული ნიმუშები ლამაზ ილუსტრაციად აქცია

მას შემდეგ, რაც Instagram გვერდები არა მხოლოდ პირად ანგარიშებად, არამედ საინტერესო კონტენტის განსათავსებელ ადგილად იქცა, შემთხვევითი სქროლვისას შეიძლება ბევრი კარგი არტისტი აღმოაჩინო. ერთ-ერთი ასეთია ზუკო კაციტაძე, არტისტული სახელით Zuko Ka Projects, რომლის ნამუშევრებმაც ჩვენი ყურადღება მიიქცია და მასთან გასაუბრება გადავწყვიტეთ.

მისი ნამუშევრების შეხედვისთანავე მიხვდებით, რომ ავტორს კავშირი აქვს არქიტექტურასთან. ის პროფესიით მხაზავია და თავის ილუსტრაციებში ცნობილი შენობების საკუთარ ხედვას გვიზიარებს. ეს ყველაფერი ერთი პროექტით დაიწყო, როდესაც ჯერ კიდევ ილუსტრატორობის შესწავლის პროცესში გაუჩნდა იდეა პროექტისა Georgian Soviet Brutalism. პროექტმა დიდი მოწონება დაიმსახურა და მას შემდეგ ზუკო არა მხოლოდ ქართული, არამედ უცხოური ბაზრისთვისაც საინტერესო არტისტად იქცა.

ჩემი ნამუშევრებით ვცდილობ, არქიტექტურულ შენობებს ახალი სიცოცხლე შევძინო. მგონია, რომ იმ ხალხისთვის, ვინც აფასებს გარემოს, სადაც ცხოვრება გვიწევს, ასეთი პროექტები ჩემსავით საინტერესოა. ინსპირაციასაც აქედან ვიღებ – სამყაროს ვქმნი, რომელშიც მინდოდა, რომ თავად მეცხოვრა, ეს სამყარო ბევრად მრავალფეროვანი და ბევრად მოვლილია ჩემს ნამუშევრებში. ერთი სიტყვით, ვქმნი ფანტაზიას და ეს ინსპირაციაც ფანტაზიის შექმნაა”, – ზუკო კაციტაძე.

თავისი პროექტებიდან ზუკო ორ პროექტს გამოარჩევს: Georgian Soviet Brutalism –პირველი პროექტი, რომელმაც დასაწყისისთვის მის მოლოდინებს გადააჭარბა და დღესაც კი ცდილობს ამ პროექტს დაამსგავსოს მომდევნო ნამუშევრები. მეორე კი 7 Wonders, რომელიც მსოფლიო 7 საოცრებას გამოსახავს და ხარისხის თვალსაზრისით თავის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ პროექტად მიაჩნია. საერთო ჯამში, მისი პროექტები საერთო ხაზის მიუხედავად, სრულიად განსხვავებულია ერთმანეთისგან. ზუკო აღნიშნავს, რომ ხშირად მისი ინსპირაცია სხვა არტისტები და მათი ნამუშევრებიც ხდება.

დაარსების დღიდან იდეაც ის იყო, რომ არ მინდოდა თვალისთვის მოსაბეზრებელი, ერთი და იგივე ფერების, პერსპექტივის, ქვეყნის თუ ქალაქის გამოყებენა. მრავალფეროვნება მომწონს და მინდა, ეს მრავალფეროვნება ჩემს ნამუშევრებში იგრძნობოდეს”, – ზუკო კაციტაძე.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

შესაძლოა, ლაბორატორიაში შექმნილმა ფილტვებმა ცხოველებზე ჩატარებულ ცდებს ბოლო მოუღოს!

ნიკა ქურდიანი თიბისის საერთაშორისო გაფართოებაზე იზრუნებს