in

ზუმერული ექსპერიმენტი — აყევი ტემპს, რას ელოდები?

შეგიმჩნევიათ, როგორ განსხვავდება უფროსი და უმცროსი თაობის ტექნოლოგიური ჩვევები? თუ ერთხელ მაინც, თბილად გაგღიმებიათ მშობლების მიერ არასწორად გამოყენებულ „ემოჯიზე“ ან შეცდომით დადებულ „სთორიზე“; გისწავლებიათ მათთვის, რას ნიშნავს „რილსი“ თუ „ფოტოზე დათაგვა“, იქვე აუცილებლად გაიგონებდით კარგად ნაცნობ წინადადებასაც: „რას აღარ მოიგონებენ!“.

განსხვავებულ თაობებში განსხვავებული ტექნოლოგიური ტენდენციები იკვეთება. დღეს ახალი თაობა ჭკვიან მოწყობილობებში კარგადაა გათვითცნობიერებული, უფროსი თაობებს კი, ახალ-ახალ ტექნოლოგიებთან შეგუება ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე მოუწიათ.

თაობა ზეტის წარმომადგენლები საჯაროდ არ აქვეყნებენ საკუთარ ფოტოებს, თუმცა ხშირად საყვედურობენ მშობლებს მათი „არასახარბიელო“ ფოტოების გამოქვეყნებისთვის. განსხვავებული მიზნით იყენებენ ემოჯიებს, აქტიურად ერთვებიან გლობალურ ტრენდებში, დარეკვას მიმოწერას ამჯობინებენ, გრძელი სიტყვების წერას — აბრევიატურების გამოყენებას. შედარებით უფროსი თაობა ტექნოლოგიებს კომუნიკაციისა და საქმესთან დაკავშირებული ამოცანების გადასაჭრელად უფრო იყენებს.

საინტერესოა ისიც, რომ სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები სხვადასხვა სოც. მედია პლატფორმებს ანიჭებენ უპირატესობას. მაგალითად, Facebook ყველაზე მიმზიდველ სივრცედ მილენიალებისა და ბუმერებისთვის რჩება, Gen Z თაობის უმეტესობას Youtube, Instagram და TikTok ურჩევნია.

90-იანების რეტრო ტექნიკის გახსენება ყოველთვის ტრენდული იყო. ბოლო დროს კი Gen Z-ის წარმომადგენლების უნიკალურ თავისებურებებზე მსჯელობაც განსაკუთრებით გააქტიურდა.

ტექნიკასთან მიმართებით თაობათა შორის კონტრასტების კვლევას არაორდინალური კომუნიკაციით განთქმულმა ზუმერმაც მიჰყო ხელი. ცოტა ხნის წინ, ზუმერის Facebook გვერდზე იკო ვახტანგიშვილის და მისი შვილის მონაწილეობით მოკლე ვიდეორგოლი, „ზუმერული ექსპერიმენტი“, გამოჩნდა.

ვიდეოში ვხედავთ, რომ თაობათა შორის კონტრასტი განსაკუთრებით მკაფიო მაშინ ხდება, როცა სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები რეტრო და თანამედროვე ტექნიკასთან ურთიერთობენ.

იკოს ბავშვობის კონსოლების საყვარელი ჰანგებიც და საბეჭდი მანქანის ღილაკების წკაპუნის ხმაც კარგად ახსოვს. ნიცას მოტყუება კი, გარე მეხსიერების გარდა, ვერცერთმა მოწყობილობამ ვერ შეძლო.

ზუმერულ ექსპერიმენტში Dendy-ის სათამაშო კონსოლსაც ვხედავთ. კონტრა, თინეიჯერი ნინძა კუები, სუპერ მარიო — კიდევ რას თამაშობდით ხოლმე ბავშვობაში? აი, ტეტრისის ბლოკების ზუსტად ჩასმაში იკოს ბადალი ნამდვილად არა ჰყავს.

ტექნოლოგიები ჩვენს ცხოვრებაში მრავალმხრივ იჭრება. ახალი თაობებისთვის ჭკვიანი მოწყობილობები ყოველდღიურობის აუცილებელი ატრიბუტია, უფროსი თაობისთვის კი, რეტრო ტექნიკა ბავშვობის მოგონებებადაა ნაქცევი. საბოლოოდ ყველაზე საინტერესო განსხვავებული ტექნოლოგიური გამოცდილების ერთმანეთისთვის გაზიარებაა.

რომელი თაობასაც არ უნდა წარმოვადგენდეთ — ზუმერი კიდევ ერთხელ მოგვიწოდებს, არასოდეს შევწყვიტოთ სიახლეებით შთაგონება.

აყევი ტემპს, რას ელოდები?

[პარტნიორის კონტენტი]

GAP – თაობათა განსხვავებულობის სიმბოლო

„მსქროლავი“ თითი ევერესტის მწვერვალს იპყრობს