in

ზურა აფხაზი – “ზედმეტი ფიქრისგან” თავისუფალი მხატვარი

“ცხოვრება და ხელოვნება ერთი მთლიანობაა”


სად გადის ზღვარი ხელოვნებასა და ზოგადად ცხოვრებას შორის? ამ კითხვაზე ყველა ადამიანს სხვადასხვაგვარი პასუხი აქვს. მხატვარი ზურა აფხაზისთვის კი ხელოვნება მთელი ცხოვრებაა – ცხოვრება, როგორც ტრანსის მდგომარეობა, სადაც ყოველი დეტალი უსაზღვრო სიამოვნების მინიჭებას ემსახურება.

“მე ვერ წარმომიდგენია ცხოვრება ხელოვნების გარეშე. ეს ერთი მთლიანობაა, ეს ორი ცნება ერთი მეორის გარეშე, ცალ-ცალკე აღებული არ არსებობს” – ამბობს ზურა აფხაზი.

როგორც თავად იხსენებს, მხატვრობისკენ პირველი ნაბიჯები უმეტესობის მსგავსად პატარაობიდანვე გადადგა, როდესაც ხატვით გატაცებულ ყველა ბავშვს უწონებენ ხატვის მანერას, აქებენ და აქეზებენ, უფრო და უფრო მეტი ნახატისკენ უბიძგებენ. თითქოს ეს შინაგანი ნიჭი ყოველთვის იყო მასში, თუმცა დიდი ხნის განმავლობაში ვერ ხვდებოდა, როგორ შეიძლებოდა, ხელოვნებით რეალურად ეცხოვრა. ამის მიუხედავად, ზურა აფხაზმა სკოლიდან სამხატვრო აკადემიაში გადაინაცვლა, სადაც მიხვდა, რომ მხატვრობა არა უბრალოდ ხელოვნების კონკრეტული მედიუმი, არამედ მისი ცხოვრების წესი იყო.

შემდეგ ბევრი რამ მოხდა – 90-იანების მძვინვარების პერიოდში, როდესაც არსად არაფერი იშოვებოდა, თბილისიდან სოფელ ქვახვრელში დაბრუნდა და სწორედ ეს იქცა ბავშვობის დროინდელ გუაშებთან, მხატვრობასთან დაბრუნების გზად. როგორც ჩანს, თბილისში წასულმა მხატვარმა ინდივიდუალიზმი იქ იპოვა, საიდანაც ყველაფერი დაიწყო – სოფლის სახლში მყოფმა ერთხელაც შეშის ღუმელთან ძირს ჩამოღვენთილი ჭვარტლი შეამჩნია და ასე დაებადა მისი სახატავ მასალად გამოყენების იდეა.

“მე არ ვიცი, სხვა რას და როგორ გრძნობს, თუმცა პირადად მე როდესაც სახელოსნოში ვარ, თავს ისე ვგრძნობ, როგორც თავშესაფარში… არც კი ვიცი, რას შევადარო ეს მდგომარეობა. თითქოს ტრანსია, როდესაც ყველაზე დიდ სიამოვნებას იღებ და რაღაც უფრო დიდს გრძნობ” – ამბობს მხატვარი.

ზურა აფხაზი ერთ-ერთი იმ მხატვართაგანია, რომელიც მთელ ცხოვრებას მხოლოდ მხატვრობას უკავშირებს და თუ კითხვათ, სად შეიძლება მასთან დაკავშირება და მისი პოვნა, მხოლოდ ერთ პასუხს მიიღებთ – “რა თქმა უნდა, სახელოსნოში”… “როცა ეს ყველაფერი მაქვს, სადაც ყველაფერი საინტერესოს აღმოჩენა შემიძლია, რატომ უნდა გავიხედო სადღაც სხვაგან?” 

“შავი ყუთი” – ასე ჰქვია ზურა აფხაზის ერთ-ერთ პერფორმანსს, რომლის შედეგადაც 5 მასშტაბური ტილო შეიქმნა. მას პერფორმანსისთვის მხოლოდ საათ-ნახევარი ჰქონდა, რომლის ფარგლებშიც შინაგანი მდგომარეობა უნდა გამოეხატა. როგორც თავად იხსენებს, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში “გათიშული” იყო და გაუჩერებლად ხატავდა… მხოლოდ მას შემდეგ გაჩერდა, რაც მოქმედებაში გონებაც ჩაერთო და მხატვარი დაფიქრდა, სად როგორი მონასმი უნდა გაეკეთებინა. სწორედ ამიტომაა, რომ ის არასდროს იყენებს “გააზრებულ სიმბოლიკას” – უბრალოდ ქმნის იმას, რასაც გრძნობს. როგორც თავად ამბობს, მისი სურათები ზუსტად იმას გამოხატავს, რასაც მაყურებელი გრძნობს.

არასდროს ვფიქრობ, რა უნდა დავხატო. არ ვეძებ სიუჟეტებს… პირიქით, სრულიად თავისუფალი ვარ ასეთი ფიქრებისგან.

“ზოგჯერ ვფიქრობ კიდეც, ის ადამიანი ხომ არ ვარ, ვინც თავს არიდებს რაღაც სხვა ცხოვრებასა და პასუხისმგებლობას. გაურბის ამ რეალობას და იმალება იქ, სადაც ყველაზე კარგად გრძნობს თავს.”

ავტორი: ქეთია ბელქანია

 

 


როგორ ავირიდოთ თავიდან თანამშრომლების “გადაწვა”?

„ეს ამბავი კარგად არ დამთავრდება…“ – London Screen Academy-ის ვიდეორგოლი