13
ნოე
2017

ზურა ბალანჩივაძე – #პირველისამსახური

13 ნოე 2017

პირველი სამსახური რომ დავიწყე, GIPA-ში ვსწავლობდი, მქონდა ჩემი ბლოგი, როცა ჩემი მეგობრის, თიკო სამყურაშვილის რეკომენდაციით მოვხვდი საკომუნიკაციო სააგენტო “ჯეპრაში”. მითხრა, რომ სოციალური მედიის მენეჯერი სჭირდებოდათ. ეს სფერო ჯერ კიდევ ახალი ხილი იყო საქართველოსთვის, მეც დიდი ხანი არ იყო, რაც ბლოგერი ვიყავი, ვწერდი პოსტებს, რაღაცნაირად მიზიდავდა ეს სფერო. ასე აღმოვჩნდი სოსო გალუმაშვილთან. თავდაპირველად, ვერც გავიგე, რა დამავალა, უბრალოდ, მომცა ძალიან ბევრი გაზეთი და მითხრა, რომ წამეკითხა, ჰოდა, ასე დავიწყე. ყოველთვის აღვნიშნავ, რომ ჯეპრაში ჩემი პოზიცია შევქმენი მე. ჯეპრას პლატფორმა, დიდწილად, ჩემი აწყობილია, თავის დროზე, მე დავარეგისტრირე ფეისბუქზე ჯეპრაც, PR სკოლაც, შემდეგ ვიკიპედიაც და ა.შ.

BOG PLUS

თავდაპირველად, რთული იყო და შემდეგაც ბევრჯერ ყოფილა, გამეგო, რა უნდა სოსოს. ეს ერთგვარი სპორტია – გაუგო სოსოს, მაგრამ ამავდროულად, მაგარია, როცა აღმოაჩენ, რომ თუ გაუგე, ე.ი. რაღაც გისწავლია. ეს არის პირდაპირ კავშირში ზრდასთან, რადგან ყველაზე წარმატებული პროექტები სწორედ მასთან ერთად მაქვს განაკეთები.

პარალელურად, გარემოს დაცვის სამინისტროში წარმოვადგენდი GIPA-ს და ჩართული ვიყავი მათ პროექტებშიც: “დედამიწის საათი”, არამწეველთა სივრცის გამოყოფა საკვებ ობიექტებში და ა.შ.

ამჟამად, ძალიან ბევრ პროექტში ვარ ჩართული. ფაქტობრივად, ყველაფერი, რაც მიყვარს და ვაკეთებ, ჩემი შემოსავლის წყაროა: ხატვა, სტვენა, სეირნობაც კი… ეს იმანაც განაპირობა, რომ არასტაბილურ ქვეყანაში ვცხოვრობთ, არასტაბილურ სამუშაო გარემოში და განმივითარდა ინსტინქტი, რომ მქონოდა თავის გადარჩენის მეტი შესაძლებლობა, ეს ინსტინქტი “მაიძულებს, მუდმივად ვეძებო, თვითრეალიზაციის ახალი გზები. მეორე მომენტი ისაა, რომ არასოდეს ვაკეთებ იმას, რაც არ ვიცი.

ზურა ბალანჩივაძე – “ჯეპრას” სოციალური ქსელების მენეჯერი, PR სკოლის ლექტორი, ბლოგერი.

განხილვა