in

ქართული 90-იანებიდან ამერიკაში — ზურა ბუშურიშვილის შემოქმედებითი გზა


ზურა ბუშურიშვილის, ქართველი ხელოვანის, ამერიკული ისტორია 2000-იანი წლების დასაწყისში იღებს სათავეს. თუმცა მხატვრობისა და მოქანდაკეობის გზას ჯერ კიდევ 14 წლისა დაადგა — სწორედ მაშინ ჩააბარა ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში. „მერვე კლასიდან გამოვედი და 4 წლის განმავლობაში ვსწავლობდი ქანდაკების ფაკულტეტზე. ჯარის შემდეგ კი სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე, კვლავ სკულპტურის განხრით. ალბათ, ძალიან პატარა ასაკი იყო იმის მისახვედრად, ზუსტად რა მინდოდა, მაგრამ ვგრძნობდი, ხელოვნება იყო ჩემი საქმე“.

ახლა ძალიან მარტივად ჟღერს, მაგრამ 90-იანების უშუქობის პერიოდში ადვილი ნამდვილად არ ყოფილა საკუთარი თავის „ხელოვნებისთვის გადადება“. ხელოვანს ორი მიმართულებით უწევდა ბრძოლა: ერთი ყოველდღიურ ცხოვრებაში უბრალოდ არსებობისთვის საჭირო, მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილებას ეხებოდა; მეორე კი შემოქმედებითობას — რთულია, რაღაცის შექმნაზე ფიქრობდე მაშინ, როცა ირგვლივ ბევრი სირთულეა. თუმცა ეს დაბრკოლებად არ ქცეულა ბევრი ხელოვანისთვის. როგორც ზურა იხსენებს, ე. წ. ბამბეულის დანგრეულ ფაბრიკაში იკრიბებოდნენ ახალგაზრდა არტისტები, მხატვრები, მოქანდაკეები თუ მუსიკოსები — იქ ატარებდნენ დღე და ღამეს. „შუქი არც სახლში გვქონდა და არც — აქ. უბრალოდ, ერთად მაინც ვიყავით, რაღაცას ვქმნიდით. სახელოსნოც კარგად მქონდა მოწყობილი, არ შემეძლო უმოქმედოდ ყოფნა. სულ შემოქმედებით პროცესებში ვიყავი“.

ცოტა ხანში უკვე გერმანიაში წავიდა, იქ აგრძელებდა სკულპტურაზე მუშაობას. შემდეგ კი სრულიად მოულოდნელად გადაეშვა ამერიკულ თავგადასავალში. რეალურად, არც აპირებდა შემოქმედების იქ გაგრძელებას, უბრალოდ თავისი დის ქორწილში ჩავიდა და ბოლოს დარჩენა გადაწყვიტა. „არც ვფიქრობდი, რომ ქანდაკებაზე ვიმუშავებდი. არავის ვიცნობდი და ვერ წარმომედგინა, როგორ შევძლებდი ფეხის მოკიდებას. თან ამერიკაში არც ისე ადვილი იყო თავის გამოჩენა ან იმაზე ფიქრი, რომ ხელოვნებით ცხოვრებას შევძლებდი“, — აღნიშნავს ზურა.

მიუხედავად ბევრი გაურკვევლობისა და იმ განცდისა, რომ სრულიად მარტო იყო თავის შემოქმედებასთან ერთად, მალევე რკინის ცეხში დაიწყო მუშაობა. აქ გარდა შეკვეთილი ნაკეთობებისა, საკუთარი ხედვით ინდივიდუალურ ნამუშევრებს ქმნიდა — სხვადასხვა სტილის სკულპტურებს ქმნიდა რკინისგან. ერთ-ერთი ასეთი ქანდაკებით, რომელიც დონ კიხოტს ასახავდა, მყიდველი დაინტერესდა. როგორც ზურა იხსენებს, მაშინ ვერ მიხვდა, რამდენად გარდამტეხი აღმოჩნდებოდა ეს მომენტი მისთვის, არადა ეს „უბრალო“ კაცი რომ არ ყოფილიყო, შეიძლება სულ სხვაგვარად განვითარებულიყო მისი შემოქდებითი გზა…

„ხომ იცით, შუბლზე არავის აწერია, ვინაა… მაშინ პატარა ბავშვთან ერთად იყო, ერთიანად დასვრილი და არც მიფიქრია, რაღაც გრანდიოზული ხდება-მეთქი. თუმცა მდიდარი აღმოჩნდა ეს მყიდველი და იმდენად მოეწონა ჩემი დონ კიხოტი, კიდევ ორი ქანდაკება შემიკვეთა. ასევე, რამდენიმე ნახატიც იყიდა“. ვინაიდან ერთ-ერთი სკულპტურა, კერძოდ ხარის, ბუნებრივი ზომის უნდა ყოფილიყო, ცეხის შეზღუდული სივრცე აღარ ჰყოფნიდა. ამიტომაც, ერთ დიდ სახელოსნოში იქირავა ადგილი — დაახლოებით იმის მსგავსად, ზემოხსენებულ ფაბრიკაში ერთად რომ იყრიდნენ თავს და ყველა თავისას ქმნიდა. მოგვიანებით კი დამოუკიდებელ სახელოსნოში გადავიდა, სადაც ხატვასა და სკულპტურაზე მუშაობას განაგრძობდა.

„ვერ გეტყვით, რას მივაღწიე. ძალიან ბევრი ნამუშევარი მაქვს გაყიდული, მაგრამ საკუთარი თავისთვის არასდროს შემიქმნია ვალდებულება, ბევრ გალერეაში გამოფენილიყო ჩემი ნამუშევრები. იყო რაღაც შემთხვევები, რაც ნამდვილად სასიამოვნოა, მაგრამ აქ რთულია, მხოლოდ ხელოვნებით იცხოვრო. პარალელურად, კომპანია გავხსენი, რომელიც სხვადასხვა რესტორანს თუ სასტუმროს ემსახურებოდა — მათთვის ავეჯს ვქმნიდით მე და ჩემი მეგობრები. რაღაცით ხომ უნდა გვეარსება… ყოველდღე ვერ გავყიდდი ნამუშევარს, — გვიყვება ზურა ბუშურიშვილი.

მართალია, დიდ ინიციატივას არ იჩენდა იმისთვის, რომ გამოფენებში მიეღო მონაწილეობა, მაგრამ ნიუ-იორკის ერთ–ერთ უბანში, ვილიამსბურგში, საცხოვრებელი სახლის, სახელად „წისქვილის შენობის“ შესასვლელთან ზურას ქანდაკება „შეყვარებულები“ 10 წლის განმავლობაში იდგა. ახლოს მდებარე „ამერიკის ბანკის“ შენობაში კი მისივე აბსტრაქტული სკულპტურა „შერეკილებია“ განთავსებული, ბიძია–ბაბუას პროპელერით.

გარდა ამისა, ქართველი ხელოვანის ბრინჯაოსა და რკინის ნამუშევრები ამერიკელი კერძო კოლექციონერების საკუთრებაშია. გასულ წელს მისი თორმეტი ნაძერწის გამოფენა–გაყიდვა — „ჩვენი ინკარნაცია“ გაიმართა. ამ უკანასკნელის შთაგონება კი ადამიანის ხასიათში ცხოველური „ელემენტის“ არსებობა გახდა. ზურას თქმით, ხშირად ჩვენი ქცევით მტაცებლებსაც კი ვემსგავსებით, ზოგჯერ კი მათი მსხვერპლი ვართ. ამიტომაცაა, რომ მის სკულპტურებში ხშირად ვხვდებით ცხოველის ნიღბებს, ცხოველის ან ფრინველისთავიან ქალებს.

საინტერესოა სკულპტურის ბოლომდე არდამუშავების ტექნიკაც, რაც დამატებით მხატვრულ ფენას წარმოადგენს — თითქოს დასრულებული არაა ნამუშევარი, არადა სწორედ ეს სძენს სრულყოფილების ეფექტს. ეს დაძარღვული, ზოგჯერ ჩამომდნარი ფიგურები, ნეკნებიც დეტალურად რომ ეტყობათ, მძაფრი ემოციების მატარებელია. რაღაცნაირად შემაძრწუნებელიც კი და ამასთანავე, მშვენიერი — ცხოველური ინსტინქტის შიშვლად გამოხატვით პირველყოფილი სილამაზე აღიქმება.


ავტორი: ქეთია ბელქანია


„პარკ ბულვარი“ გაყიდვებს იწყებს!

როგორ იქცა ყურძნის მეტამორფოზა ღვინის ეტიკეტად?