ყველა ადამიანი თავისებურად მშვენიერი და ლამაზია, ინდივიდუალური ნაკვთებით თუ მახასიათებლებით… ამაში ორი აზრი არ არსებობს, უბრალოდ ზოგჯერ რაღაცის შეცვლა მაინც გვინდა — იქნება ეს უბრალო სურვილით თუ რაიმე დაზიანების შემდეგ აღდგენის მიზნით. ამიტომაცაა, რომ პლასტიკური ქირურგია ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული დარგია სამედიცინო სფეროში. რა თქმა უნდა, პლასტიკურ ქირურგს უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია, რადგან თითოეულ ნიუანსს შეუძლია ან შედევრის შექმნა, ან ცუდ შედეგამდე მისვლა…
ამ სტატიაში კი ზურა კეკელიაზე მოგიყვებით, ქართველ პლასტიკურ ქირურგზე, რომელმაც სამედიცინო კარიერის მოკლე ვადაში მოახერხა დიდი წარმატების მიღწევა. დღეს მას ყველა იცნობს, როგორც ერთ-ერთ საუკეთესოს თავის დარგში — ამ მიმართულებით სწავლა 2017 წელს დაასრულა, მას შემდეგ კი აქტიურად მუშაობს.
M: ზურა, ყოველთვის მნიშვნელოვანია საწყისები — თქვენ შემთხვევაში რა იყო შთაგონება, პლასტიკურ ქირურგიას გაჰყოლოდით?
გულწრფელად გითხრათ, ამაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის დედაჩემს, რადგან სულ უნდოდა, ექიმი ვყოფილიყავი. მართალია, თავად სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი არაა და არც მე ვარ ე. წ. „დინასტიური ექიმი“, მაგრამ სურვილი მაინც დიდი იყო. გარდა ამისა, გარდატეხის ასაკში მამაკაცები ძალიან მძაფრად აღიქვამენ მთელ სამყაროს, სილამაზეს… ზუსტად ამ დროს ვუყურე გადაცემას პლასტიკური ქირურგიის შესახებ, სადაც დარგის პროფესიონალები საუბრობდნენ და მათ ძალიან ლამაზ, მიმზიდველ პაციენტებსაც აჩვენებდნენ. მაშინ გამიჩნდა სურვილი, ასეთი სილამაზე შემექმნა — მშვენიერი სხეულები და სახეები.
M: ვისაუბროთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევაზე, რომელმაც გარდამტეხი გავლენა იქონია თქვენს კარიერაზე.
ალბათ, გარდამტეხი მომენტი მაშინ დამიდგა კარიერულ გზაზე, როცა თბილისში 2 კვირით ვიყავი ჩამოსული და ერთ-ერთ კლინიკაში გასაუბრებაზე მისვლას გადავწყვიტე; უბრალოდ, ჩემი სურვილით. არ მელოდებოდნენ და წინასწარ არც დამიგეგმავს — რადგან ჩემს სახლთან ახლოს იყო ტერიტორიულად, ავდექი და შევედი. ვკითხე, თუ მიმიღებდნენ საქართველოში დარჩენის შემთხვევაში. მათგან დადებითი პასუხი მივიღე და ასე დაიწყო თანამშრომლობა. პირველი თვე საცდელი ვადა მქონდა, შემდეგ კი ნელ-ნელა დაიწყო ჩემი კარიერა აქ.
M: მთელი ამ პერიოდის განმავლობაში როგორ მოახერხეთ აღიარების მოპოვება? რა იყო ის მთავარი ძალა, რამაც ეს შეგაძლებინათ?
რა თქმა უნდა, პირველი მნიშვნელოვანი დეტალი შრომისუნარიანობა და შრომისმოყვარეობაა. ამას გარდა, როდესაც ადამიანი ორივე ამ თვისებას ფლობს, ბევრი სხვადასხვა ტიპის საშუალება უჩნდება — ასე ვთქვათ, იღბალი, ბედი, განგება, კარმა ბევრ გზას გვიხსნის.
ერთ-ერთი ასეთი საშუალება იყო, რომ სოციალური ქსელით სხვადასხვა ტიპის აქტივობა დამეწყო. როდესაც ამ გზას დავადექი, აღმოვაჩინე, ჩემ ირგვლივ როგორ შემოკრებილა ხალხი — მასშტაბური გუნდი, რომელიც აქტიურად მუშაობს ჩემი სოციალური ქსელების მართვაზე. ისინი გეგმავენ ფოტო-ვიდეო გადაღებას, რეკლამის ფორმასა და სტილს. საბოლოო ჯამში, ბევრი სირთულე გადავიტანეთ — მათ შორის ტექნიკური ნიუანსები, მაგრამ საბოლოოდ ერთ დასკვნამდე მივედით: ნებისმიერი სირთულის მიუხედავად, თავაწეულმა განვაგრძოთ გზა წინ.
M: ყოფილა მომენტი, როცა დაბრკოლებების გამო დანებებაზე გიფიქრიათ თუ პირიქით, მეტი სტიმული იყო თქვენთვის?
რა თქმა უნდა, ბევრჯერ ყოფილა. არაერთხელ მიფიქრია, იქნებ სხვა მიმართულება სჯობდა ან უფრო მარტივი ყოფილიყო-მეთქი. თუმცა, როგორც ხედავთ, ეს კითხვები მხოლოდ რიტორიკად დარჩა და დავტოვე. ასეთი ფიქრების მიუხედავად, მაინც განვაგრძე გზა — არ გავჩერებულვარ, მუდმივ პროცესში ვიყავი და ამ სირთულეების გადალახვას ვცდილობდი.
საბოლოო ჯამში, ფიქრი ფიქრად დარჩა, ეს სირთულეები გადავლახე და მერე მივხვდი, რომ მსგავსი მდგომარეობა ნებისმიერისთვის ბუნებრივია. სირთულეების დროს ადამიანი ეჭვებში ვარდება, სხვადასხვა ტიპის ფიქრები აქვს და მათთან ბრძოლა არ არის საჭირო — ისინი უნდა მიიღოთ, გაითავისოთ, როგორც ის, რომ შიში არის ნორმალური ადამიანური თვისება.
მიზნების მიღწევას ბრძოლა არ სჭირდება. მხოლოდ წინ უნდა იარო.
M: საინტერესოა, ყველაზე დიდ წარმატებად რა მიგაჩნიათ ამ ხნის მანძილზე?
ალბათ, საკუთარ თავში სიმშვიდისა და სიდინჯის მოპოვება. ზოგადად, ძალიან სულსწრაფი ადამიანი ვარ, ძალიან ვჩქარობ… შესაბამისად, ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა იმ შეგრძნების არ ქონაა, თითქოს ვიღაც მომდევს ან სულ უნდა ვიჩქარო, თორემ ისე ვერაფერს მოვასწრებ.
M: და საკმაოდ კონკურენტულ გარემოში როგორ მოახერხეთ თავის ასე დამკვიდრება?
პირველს იმ ფაქტს გამოვყოფ, რომ მაქსიმალურ დონეზე აგვყავს საკუთარი შრომისუნარიანობა — ასე იქმნება მოთხოვნა ზურა კეკელიაზე. მეორე ის, რომ მას შემდეგ, რაც მოთხოვნა შეიქმნა, მაქსიმალურად ვცდილობთ მის დაკმაყოფილებას — კვირაში 6-7 დღე ვმუშაობთ დილიდან საღამომდე. ბუნებრივია, ეს მეტი მოთხოვნის შექმნასაც იწვევს, რასაც საკუთარი თავის მუდმივი განვითარება მოსდევს. საბოლოოდ, ასე ვრცელდება შენი სახელი, იწევს ხარისხის დონე და უფრო მოთხოვნადი ხდები. შეიძლება ითქვას, დადებითი ჩაკეტილი წრეა — როდესაც ბევრს მუშაობს, ბევრად ვითარდები, მოთხოვნაც იზრდება.
M: სამომავლო გეგმებზეც ვისაუბროთ — როგორია თქვენი სამომავლო „მწვერვალი“?
ჩემი სამომავლო მწვერვალი იქნება, რომ მაქსიმალურად ვიყო კონცენტრირებული ჩემს საქმეზე, მაქსიმალურად ვიყო კონცენტრირებული ყოველ წამზე, რადგან ყოველი წამი გადამწყვეტია მომავლისათვის.
[R]