24
May
2017

ზურა ვასაძე – #პირველისამსახური

24 May 2017

დავიწყოთ იმით, რომ დედაჩემს უნდოდა, ექიმი გამოვსულიყავი. უთუოდ, კარგად ჰქონდა ნაფიქრი ტაქტიკასა და სტრატეგიაზეც. „ექიმი აიბოლიტი“ იყო პირველი წიგნი, რომელიც წამიკითხა, მეც ამ წიგნით ვისწავლე კითხვა, ასევე სულ მასწავლიდა, რომელი წამალი რომელ ავადმყოფობას შველის, მიყვებოდა სამედიცინო ისტორიებს და ჩემს სათამაშო დათუნიაზე ვისწავლე ნემსის გაკეთება. მე კი ბავშვობაში ხან ჯარისკაცი მინდოდა გამოვსულიყავი, ხან კოსმონავტი და ხან გამომგონებელი. ასეთი იყო საბჭოთა ბავშვის ოცნებები. რეალურად კი, 1989-90 წლებში გადავწყვიტე გამოვსულიყავი დიპლომატი და ჩემს დამოუკიდებელ და ახლად წამოჩიტული თავისუფალი საქართველოს დიპლომატიურ მისიებში მემუშავა. ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე და 5 წელი გავატარე გართობასა და სწავლაში (ზუსტად ასეთი თანმიმდევრობით), ოღონდ მართლა ვსწავლობდით, თან ვთამაშობდით “მანსანკანში”, “რა?სად?როდის?”-ში და ვუკრავდით უსახელო როკ ჯგუფებში.

21 წლის ასაკში სამსახური დავიწყე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აშშ-ს, კანადისა და მექსიკის დეპარტამენტში სტაჟიორად, ნაცნობობით (ოღონდ არავის უთხრათ). ჰო, ნაცნობობით დავიწყე, აბა, ვინ “მიმასუნინებდა” სამინისტროსთან გუშინდელ სტუდენტს, გაგანია შევარდნაძის დროს?! 1 წელზე მეტი ვიმუშავე უხელფასოდ და მერე გადავედი საგანგებო დავალებათა ელჩის თანაშემწედ, 50 ლარიან ხელფასზე… მაგრამ ყველაზე ძვირფასი რამ სამინისტროში იყო ინტერნეტი, პირველად მაშინ წავიკითხე ყველა ის წიგნი, რომელიც მაინტერესებდა და ვერ ვიშოვე, მოვიძიე ყველა ის ინფორმაცია, რომელიც წიგნებში ვერ ვიპოვე და ასევე გავიცანი უამრავი საინტერესო ადამიანი.

არავირტუალურ რეალობაში კი, ძირითადად, ვუყურებდი როგორ ეჯიბრებიან ერთმანეთს თანამშრომლები “მაინსვიფერში” და ჭორაობდნენ თბილისურ ისტორიებზე. იქ მივხვდი, რომ დიპლომატიური სამსახური მთლად საინტერესო არ ყოფილა და გადავწყვიტე სწავლის გაგრძელება ეკონომიკური განხრით, ჩავაბარე მოსკოვის დიპლომატიურ აკადემიაში საერთაშორისო ეკონომიკის ფაკულტეტზე. მამაჩემი მიგზავნიდა 200 დოლარს თვეში და პირველივე დღეს მივხვდი, რომ არანაირად არ მეყოფოდა, ჰოდა, მგონი ზუსტად მაშინ დავიწყე პირველი ნამდვილი სამსახური. გაზეთში 2 განცხადებას ვაქვეყნებდი, ერთი იყო: “ვიყიდი კომპიუტერს” და მეორე, “გავყიდი კომპიუტერს”. პირველად მაშინ გავაკეთე იმდენი ფული, რომ თამამად შემეძლო მეამაყა ჩემი საკუთარი ბიზნესით. ბოლოს 10-მდე ნომერი მქონდა მიბმული ჩემს მობილურზე და ლექციების მერე, მოსკოვის სხვადასხვა ადგილიდან, ჩემს ისედაც გაძეძგილ ბინაში, მომქონდა კომპიუტერები.

ახლა ვმუშაობ კომპანია “ჰუავეიში”, მენეჯერად – კომპიუტერებიდან ნელნელა სმარტფონებზე გადავედი.

განხილვა