in

“ჩემი პეიზაჟები თუ კომპოზიციები ჩუმად ხმაურობენ..” – მხატვარი ზურაბ გიკაშვილი


 “მე ვარ ზურაბ გიკაშვილი, დაბადებული – საბჭოთა საქართველოში. ვსწავლობდი თელავისა და თბილისის სკოლებში. ვარ საკმაოდ ასოციალური და არ მიყვარს, როცა ჩემს გზას ვინმე ან რამე ეღობება. ვეცლები ასეთ სიტუაციას, თუკი სხვანაირად არ ხერხდება.”

ასე ახასიათებს თავს მხატვარი ზურაბ გიკაშვილი, რომელსაც საზოგადოება კარგად იცნობს. ფიგურები, ადამიანები, ლანდშაფტები, ზღვა, სახლები თუ უბრალოდ სხვადასხვა ობიექტი – მისი შემოქმედება უამრავ თემასა და ფერს ფარავს. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ ამ ძალიან საინტერესო ნამუშევრების ავტორს, ზურაბ გიკაშვილს, დეტალურად გავსაუბრებოდით:

M: როგორ მოხვდით ხელოვნებაში? რა წინაპირობები უძღოდა თქვენს გადაწყვეტილებას, ყოფილიყავით ხელოვანი?

საკუთარი თავი საიდანაც მახსოვს, იქიდან ვხატავდი, ალბათ სამი წლიდან მოყოლებული, არ ყოფილა დრო/მომენტი, როცა არ ვხატავდი. დედაჩემიც მხატვარია, თუმცა, მას ჩემს საქმიანობაზე გავლენა არ ჰქონია.

M: ვინ ხართ პროფესიით – გვესაუბრეთ თქვენს განათლებაზე და როგორ გახსენდებათ განათლების მიღების პროცესი?

თელავის II სკოლის 8 კლასი დავამთავრე თუ არა, წავედი თბილისში და ჩავაბარე იაკობ ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელში, რომელშიც სწავლა 1980 წელს დავამთავრე. საკმაოდ დიდხანს ვემალებოდი ჯარს თელავში. თუმცა ბოლოს მაინც მომიწია საბჭოთა ჯარში მსახური, სადაც ასევე ვხატავდი. შემდეგ უკვე ჩავაბარე თბილისის სამხატვრო აკადემიაში. მისი დამთავრების შემდეგ კი დავტოვე საქართველო.


M: საიდან მოდის ხოლმე თქვენთვის შთაგონება?

შთაგონებას რაც შეეხება, ალბათ, ბავშვობაში ის ფრესკებიდან და არქიტექტურული ძეგლებიდან მოდიოდა. ახლა არ მიფიქრია, რა ხდება. ალბათ მასალა და განწყობა მიქმნის შთაგონებას. და რა ვიცი.. რა აღარ აქვს თავში კაცს..

M: რომელ მედიუმებში გიმუშავიათ თქვენი კარიერის განმავლობაში და დღეს რომელ მედიუმებს ანიჭებთ უპირატესობას?

ძალიან მიყვარს ქანდაკება და გრაფიკა, ძირითადად, ვმუშაობ ფერადი საღებავებით. ვცადე ვიდეოარტი, პერფორმანსი, თუმცა, უპირატესობას მაინც ფერწერას ვანიჭებ, ძირითადად.

M: როგორ ფიქრობთ, როგორ ამბებს ჰყვებიან თქვენი ნამუშევრები?

ჩემი პეიზაჟები თუ კომპოზიციები ჩუმად ყვებიან რაღაცებს, ჩუმად ხმაურობენ. ჩრდილში ყოფნა უფრო საინტერესოა..

M: მოგვიყევით/გაგვაცანით რომელიმე თქვენი ნამუშევარი და მისი კონცეფცია (თქვენ თავადვე აარჩიეთ)..

მაქვს ბევრჯერ გამეორებული კომპოზიციები, ერთ-ერთია “სკამები”. ენდი უორჰოლის სკამი ვნახე სიკვდილმისჯილებისთვის, შემდეგ ამეკვიატა და ვერ მოვიცილე მასზე ფიქრი. დავხატე მსგავსი.. ერთი.. ორი.. შემდეგ სკამები და რიგები დავამატე..

M: რა ეტაპია ახლა თქვენს ცხოვრებაში, რას და როგორი სამომავლო გეგმები გაქვთ?

მომავალში რას გავაკეთებ, არ ვიცი. ვიცი, რომ უნდა ვხატო ბოლო ამოსუნთქვამდე.

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე


მანქანიდან გადასვლამდე დარწმუნდით, რომ მაგალითად, ველოსიპედი არ გიახლოვდებათ – Audi-ს პრინტ კამპანია

WHERE NEXT – თეონა თავართქილაძე შოტლანდიური პრემიუმ ვისკის, Glenfiddich-ის კამპანიაში