in

ზურაბ გუგუშვილი – #პირველისამსახური

სამედიცინოს დოქტორანტი ვიყავი, ჰეპატოლოგი უნდა გამოვსულიყავი. 2005 წელი იყო, მეორე კურსზე ვსწავლობდი, ჩემმა მეუღლემ ProCredit ბანკში რომ დაიწყო მუშაობა. დამაინტერესა მისმა საქმემ – ბიზნესებთან ურთიერთობამ, საბანკო სექტორმა იმდენად მომხიბლა, რომ გადავწყვიტე, სწავლის პარალელურად, „პროკრედიტ ბანკში“ მეცადა ბედი. ჩემდა გასაკვირად, ამიყვანეს. იმ დროისთვის, ეს ერთადერთი ბანკი იყო, რომელიც თანამშრომლის აყვანისას, განათლებას არ აქცევდა ყურადღებას. რამდენიმე პოზიცია „გამომატოვებინეს“ და პირდაპირ მიკრო-საკრედიტო ექსპერტად დავიწყე მუშაობა და რამდენიმე თვეში უფრო მაღალ პოზიციებზეც გადავინაცვლე.

არაჩვეულებრივი ადამიანები მუშაობდნენ ჩემთან ერთად. „პროკრედიტში“ მუშაობამ მასწავლა დისციპლინა და წესების ზედმიწევნით დაცვა – სამუშაო სისტემა, განათლება, დელეგირება, გადაწყვეტილების მიღების დონეები იდეალურად იყო გაწერილი. „პროკრედიტში“, დაახლოებით, წელიწადნახევრის განმავლობაში ვიმუშავე და თიბისი ბანკში გადავინაცვლე, მენეჯერულ პოზიციაზე.

ამ სფეროში მუშაობას ართულებდა არასაკმარისი ფინანსური განათლება. გამოცდილება დავაგროვე, რადგან გადამზადებაზეც მუდმივად ზრუნავდა ჩემი სამსახური. თუმცა, მოგვიანებით მაინც გადავწყვიტე და გრენობლისა და კავკასიის უნივერსიტეტის მაგისტრი გავხდი.

კომერციაში მუშაობისას ძალიან დამეხმარა სამედიცინოზე სწავლა. პაციენტებთან კონტაქტმა ხალხთან ურთიერთობა მასწავლა და პირველ რიგში, მოსმენა და ემოციების გაზიარება, რჩევის მიცემა, რაც გაყიდვების განუყოფელი ნაწილია. ამასთან, მნიშვნელოვანია არამხოლოდ გაყიდვამდელი, არამედ მისი შემდგომი ურთიერთობა. ყოველი კლიენტის ნომერი შენახული მაქვს დღემდე და რომ მირეკავდნენ, პირდაპირ სახელით მივმართავდი, უშუალოდ ვესაუბრებოდი, ვუსმენდი, რამაც ბევრი ადამიანი შემაძენინა ცხოვრებაში.

ზურაბ გუგუშვილი – თიბისი ლიზინგის კომერციული დირექტორი.

ნახეთ: შექმნეს ბრტყელი პასტა, რომელიც მოხარშვის შემდეგ სხვადასხვა ფორმას იღებს

ნახეთ: Facebook-ის ახალი ფუნქცია – Neighborhoods, რომელიც სოციალიზაციაში დაგეხმარებათ