in , ,

ვინ არის “ქართული ა”-ს 5 ნომინაციაში გამარჯვებული დიზაინერი ზურაბ მიმინოშვილი?

zurab miminoshvili„ქართული – ა“ ქართული შრიფტების კონკურსია. პროექტის ინიციატორი ზვიად ციკოლიაა, ხოლო მხარდამჭერები – პროექტი #წერექართულად და „თიბისი ბანკი“. კონკურსის მიზანია უზრუნველყოს თანამედროვე სამყაროსთან ქართული დამწერლობის ადაპტირება, მისი გავრცელება და პოპულარიზაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. კონკურსზე, რომელიც უკვე მეორედ ჩატარდა, 160 ნამუშევარი იყო წარდგენილი. შრიფტები, უახლოეს მომავალში, ციფრულ ფორმატში გადავა და ახალი ქართული ფონტების გამოყენება ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი.

ზურაბ მიმინოშვილმა, კონკურსის 7 ნომინაციიდან, ოთხში პირველი ადგილი მოიპოვა, ხოლო ერთში – მეორე. მარკეტერთან დიზაინერმა თავისი საქმიანობისა და კონკურსში მონაწილეობის მიღების შესახებ ისაუბრა.

M: რას საქმიანობთ და როდის დაიწყეთ შრიფტებზე მუშაობა?

დიზაინერის პროფესიას სამხატვრო აკადემიის დამთავრებიდან მივყვები. უკვე 25 წელია, რაც ამ სფეროში ვარ. ქართულ შრიფტებზე ადრეც ვმუშაობდი, სანამ კონკურსში მივიღებდი მონაწილეობას. ამჟამად, დიზაინერი ვარ კომპანია Magti-ში.

M: როგორ გადაწყვიტეთ კონკურსში მონაწილეობის მიღება და რა მოლოდინები გქონდათ?

შრიფტებს ყოველთვის ვქმნიდი ჩემთვის, მაგალითად, განსხვავებულ შრიფტს ვიგონებდი რამის სათაურისთვის და ვცდილობდი, რაიმე ახალი შემექმნა. ამ დროის მანძლზე საკმაოდ ბევრი დაუმთავრებელი ნამუშევარი დამიგროვდა. როდესაც კონკურსი გამოცხადდა და გამოვლინდა ის თემები, თუ რაზე უნდა შემექმნა შრიფტი, გადავწყვიტე ის ნამუშევრები, რომელიც მომწონდა, დამესრულებინა და კონკურსზე წარმედგინა. იმედი მქონდა, რაიმე ნომინაციაში გავიმარჯვებდი, თუმცა ასეთ შედეგს არ ველოდი.

M: რას იტყვით პროექტის შესახებ და მომავალში თუ აპირებთ მონაწილეობის მიღებას?

ამ პროექტით ძალიან კარგი საქმე კეთდება. ქართული შრიფტების ნაკლებობა ყოველთვის იყო და იმედია, ამ კონკურსის ხშირი ჩატარებით ეს პრობლემა მოიხსნება. კონკურსში მონაწილეობას მომავალ წელსაც ვაპირებ. რამდენიმე შრიფტი კიდევ მაქვს და იმ ნამუშევრებს წარვადგენ.

M: როგორი გამოცდილება იყო თქვენთვის კონკურსში მონაწილეობა?

კონკურსის შემდეგ რაიმე კონკრეტული შემოთავაზება არ მქონია. მე ჩემს პროფესიულ საქმიანობას აქამდეც ვასრულებდი და ახლაც ჩვეულებრივ ვაგრძელებ. დადებითი შედეგი აქვს ის, რომ ბევრი, როგორც ნაცნობი, ისე უცნობი ადამიანი მილოცავს კონურსში წარმატებას.

წარმოგიდგენთ ზურაბ მიმინოშვილის ნამუშევრებს:

I ადგილი: თანამედროვე – ა (თანამედროვე, დახვეწილი შრიფტი);

თანამედროვე – ა

 

I ადგილი: აკადემიური – ა (კლასიკური, აკადემიური შრიფტი);

აკადემიური – ა

 

I ადგილი: ადაპტირებული – ა (ხშირად გამოყენებადი ლათინური შრიფტის ქართული ვერსია);

ადაპტირებული – ა

 

I ადგილი: მხატვრული – ა (მხატვრული შრიფტი);

მხატვრული – ა

 

II ადგილი: გაკრული – ა (გაკრული ან ხელნაწერი, ციფრულად კონვერტირებული შრიფტი);

გაკრული – ა



რა ზიანს აყენებს სექსუალური თემატიკის რეკლამა ბავშვის ფსიქიკას?! – ექსპერიმენტი What Our Kids See

ახალგაზრდა მეღვინე გოგონა ართანადან, “გოგოური” ბრენდით GOGOWINE