ზუთხისებრთა სახეობები ჩვენი პლანეტის უძველესი ბინადრები არიან. ისინი ჯერ კიდევ დინოზავრების დროიდან, დაახლოებით 245 მილიონი წლის წინ არსებობდნენ დედამიწაზე. ზუთხებმა ბევრი სირთულე გადალახეს და დინოზავრებისგან განსხვავებით, ჩვენ დრომდე მოაღწიეს, თუმცა, დღეს გადაშენების საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ და საზოგადოების დახმარებას საჭიროებენ.
სწორედ აქედან გამომდინარე, WWF კავკასიის ოფისის პროექტს – “ზუთხისებრთა კონსერვაციის გაძლიერება საქართველოში“ – მხარს უჭერს ხელნაკეთი მუსიკალური სათამაშოების სტარტაპი „ჩიკატაი“. სტარტაპმა სპეციალურად დაამზადა ზუთხის ფორმის სათამაშოები, რომელთა გაყიდვით მიღებული მოგება ჩაირიცხება პროექტის მხარდასაჭერად. ამ ურთიერთშეთანხმების გაფორმების აღსანიშნავად და საქართველოში ზუთხისებრთა სახეობების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით მოეწყობა ღონისძიება.
მთაწმინდის პარკში 30 ივნისს 17:00 საათიდან, ღონისძების სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, შეიძინონ სათამაშოები და შესაბამისად, გახდნენ პროექტის მხარდამჭერები. ასევე, მოისმონონ WWF-ის თანამშრომლებისა და ამ სახეობის ირგვლივ მომუშავე ექსპერტების მიერ მომზადებული პრეზენტაციები. პატარა სტუმრებს დახვდებათ WWF -ის მეგობრული პანდა, საბავშვო გასართობი პროგრამა, მუსიკა, Smart Photos და სხვა აქტივობები. მთაწმინდის პარკთან ერთად ღონისძიებას ასევე მხარს უჭერენ National Geographic, FFI Georgia და შესაბამისი საინფორმაციო მასალით იქნებიან წარმოდგენილნი.
საქართველოში გავრცელებული ზუთხისებრთა ექვსივე სახეობა შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში. მათი რიცხოვნობის კატასტროფულად შემცირების ძირითადი მიზეზებია წყალსაცავებისა და კაშხლების მშენებლობით მდინარეთა რეგულირება, ჰაბიტატების ფრაგმენტაცია და სატოფო (საქვირითე) ადგილების განადგურება, ბრაკონიერობა და ახალმოზარდეული ინდივიდების თანჭერა. სპეციალური დაცვითი ღონისძიების გატარების გარეშე მოსალოდნელია ზუთხისებრთა სამუდამო გაქრობა საქართველოს მდინარეებსა და სანაპირო წყლებიდან. სწორედ ამიტომ, თითოეული ჩვენგანის ჩართულობა და ამ საკითხთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება მნიშვნელოვანია.
ზუთხისებრთა კონსერვაცია ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის WWF – ის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია, რომელზეც ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს ექსპერტებსა და სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად. თუმცა, საზოგადოების ჩართულობა და მხარდაჭერაც ძალიან მნიშვნელოვანია.