მაშინ, როცა ჩვენ ირგვლივ ყველაფერი ციფრულდება, ბევრ კომპანიაში ჯერ კიდევ შეხვდებით ფურცლების დასტას, რომლებიც დიდ ადგილსაც იკავებს ოფისში და დიდი რაოდენობით მაკულატურად გადაიქცევა.
გარდა ამისა, დოკუმენტზე ხელის მოსაწერად, საჭიროა ადგილზე მისვლა, რაც დროის განაწილების კუთხით, არც ისე სასიამოვნო გამოცდილებაა.
ისევე, როგორც ბევრ სხვა პრობლემას, ციფრულმა ტექნოლოგიებმა ამასაც მოუძებნა გამოსავალი და დღესდღეობით არსებობს ხელსაწყოები, რომლებიც სხვადასხვა დოკუმენტზე ციფრული ხელმოწერის საშუალებას გვაძლევს.
საქართველოში ამ მიმართულებით განსაკუთრებით აქტიურია კომპანია Signify, ციფრული ხელმოწერების პლატფორმა, რომელიც გთავაზობთ, ატვირთოთ თქვენი დოკუმენტი და რამდენიმე კლიკის მეშვეობით, მარტივად მოაწეროთ ხელი, ან გაუგზავნოთ სხვას და მისგან მიიღოთ ხელმოწერილი დოკუმენტი.
უკვე სამი წელია, რაც Signify ბაზარზეა და გადავწყვიტეთ, მის მმართველ პარტნიორს, ზვიად წოწკოლაურს გავსაუბრებოდით, რათა გაგვეგო, როგორია კომპანიების მხრიდან ციფრულ ხელმოწერაზე გადასვლის ტენდენცია და რა გამოწვევებს ხვდება გუნდი ამ მიმართულებით.
ზვიად წოწკოლაური:
პლატფორმა სატესტოდ პოსტპანდემიის პერიოდში გავუშვით, რამაც გარკვეული მუხტი მისცა ამ პროცესს. მოგეხსენებათ, იმ დროს შეზღუდული იყო ფიზიკური სერვისები და არსებობდა საჭიროება, დოკუმენტების მიმოცვლის ციფრული გადაწყვეტილებები განვითარებულიყო.
კომპანიების დაინტერესება ელექტრონულ ხელმოწერითა და დოკუმენტების ელ. მიმოცვლით მუდმივი პროცესია და მიუხედავად იმისა, რომ 500-ზე მეტ კომპანიას ვემსახურებით, მუდმივად ვცდილობთ საზოგადოების ინფორმირებასა და ცნობიერების ამაღლებას, რათა უფრო მეტად დავაინტერესოთ.
როგორც ყველა სტარტაპისთვის, ჩვენთვისაც საკმაოდ რთული იყო პირველი ნაბიჯები, განსაკუთრებით რთული კი პირველი კომპანიის დარწმუნება იყო ჩვენი სერვისის სიკეთეებში. გაშვებიდან პირველი წელი „ყინულის გალღობის” პერიოდი იყო, შემდეგ კი შედარებით გაგვიმარტივდა ეს გზა.
M: რა არის ის მთავარი მიზეზი, რატომაც კომპანიები გადადიან ციფრული ხელმოწერის პრაქტიკაზე?
დღეს ნებისმიერ კომპანიას რომ ვკითხოთ, მნიშვნელოვანია თუ არა მათთვის ციფრული სერვისების განვითარება – ყველა გიპასუხებთ, რომ ეს მათი ერთ-ერთი პრიორიტეტული საჭიროებაა, რადგან თანამედროვე სამყაროში ორგანიზაციებს ესმით ციფრული ტრანსფორმაციის როლი მათი განვითარების გზაზე.
სწორედ ამიტომ, მაღალი რგოლის მენეჯერები მუდამ ცდილობენ, ყველა დეპარტამენტში მაქსიმალურად შეამცირონ რუტინული საქმეები და დაზოგონ დრო ბიუროკრატიულ პროცესებზე. როგორც წესი, კომპანიები ჩვენთან თანამშრომლობის გადაწყვეტილებას იღებენ საკუთარი თანამშრომლების დროითი რესურსის შემცირებისა და პროცესების გამარტივების მიზნით.
M: და პირიქით, რა დაბრკოლებები გხვდებათ ამ სფეროში, ჯერ კიდევ რა პრობლემებია ციფრულ ხელმოწერასთან მიჩვევასთან დაკავშირებით, რა მიზეზებს ასახელებენ კომპანიები, როცა უარს ამბობენ გადასვლაზე?
წარმოიდგინე, რომ 20 წლის წინ სამსახურში პირველი სამუშაო დღე გქონდა. პირველი, რაც სამუშაო სივრცეში მოგხვდა თვალში, იყო ბაინდერის უსასრულო თაროები, პრინტერები, დოკუმენტის ასაკინძი საშუალებები და ფურცლები. ამ დროიდან მოყოლებული შენი ყოველი სამუშაო დღის ნაწილია ამ ატრიბუტებთან ურთიერთობა და არასდროს გიფიქრია იმაზე, რომ ამ ყველაფრის გარეშე გაცილებით სწრაფად შეძლებდი დასახული ამოცანების შესრულებას. უცებ კი შენთან მოდის Signify-ს წარმომადგენელი და გთავაზობს იმის შეცვლას, რასაც ბევრი წელია ყოველდღიურად აკეთებ. რამდენად ეფექტურიც არ უნდა იყოს ალტერნატივა, მენტალურად გიჭირს ჩვევის შეცვლა და სიახლის მიღება რამდენიმე მიზეზის გამო: 1) არ გაქვს რწმენა, რომ ასე მარტივია რაიმეს შეცვლა; 2) ფიქრობ, რომ შეიძლება არ იყოს უსაფრთხო და დაცული; 3) ცდილობ, თავიდან აირიდო ახალი უნარების შეთვისება. როგორც ყველა ინოვაციური ტექკომპანიისთვის, ჩვენთვისაც მთავარ გამოწვევას მომხმარებელთა ჩვევის შეცვლა წარმოადგენს და გვჯერა, რომ ეს მიზანი ნელა – მაგრამ მიღწევადია.
M: თქვენი აზრით, რა მიმართულებით უნდა მოხდეს ცნობიერების ამაღლება, რომ ციფრულმა ხელმოწერამ ჩაანაცვლოს ფურცელზე დაბეჭდილი დოკუმენტები?
70%-ით შემცირებული საოპერაციო და ადამიანური რესურსები, მინიმუმ 5-ჯერ უფრო სწრაფად დადებული ხელშეკრულებები, მთელი რიგი რისკების დაზღვევა, რომლებიც დაკავშირებულია ფიზიკურ დოკუმენტებთან – მაგ. არასანქცირებული წვდომა, დოკუმენტის დაზიანება და ა.შ და კომფორტული გამოცდილება მომხმარებლებისთვის – არის ის მთავარი ბენეფიტები, რის მიტანასაც ვცდილობთ ჩვენს პოტენციურ მომხმარებლამდე.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი