ბრაზილიაში არსებულ მკვლევართა ჯგუფს ჩვენთვის გამაოგნებელი ამბავი აქვს — სამხრეთ ამერიკის სანაპირო წყლებში მცხოვრები ზვიგენების სხეულში კოკაინის დიდი შემცველობა აღმოაჩინეს! უფრო ზუსტად, 13 ახალგაზრდა ზვიგენში, რომლებისთვისაც გრძელი, მკვეთრი ცხვირია დამახასიათებელი და Rhizoprionodon lalandii-ის ჯგუფს მიეკუთვნება. აღსანიშნავია, რომ მკვლევრებმა წამლის მთავარ მეტაბოლიტ ბენზოილეკგონინს ყველა ზვიგენში მიაგნეს…
მხოლოდ ის შეგვიძლია, გითხრათ, რომ ფარმაცევტული დაბინძურება გლობალური პრობლემაა. პოტენციურად მსოფლიოში არსებული წყლების მეოთხედი აქტიურ ინგრედიენტებს შეიცავს, იქნება ეს ანტიბიოტიკები, სინთეტიკური ესტროგენი თუ ე. წ. რეკრეაციული ნარკოტიკები. მათი დონე იმდენად მაღალია, რომ, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ეკოსისტემებსა და ჩვენს ჯანმრთელობას.
ამ კუთხით განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ბრაზილიაში. ვარაუდობენ, რომ კოკაინი წყლებში ბრაზილიური არაკანონიერი საწარმოებიდან ხვდება. თუმცა იმასაც უშვებენ, რომ შესაძლოა, ნარკოტიკების შეკვრა ზღვაში იკარგებოდეს და ხოლმე გადაგდებაც უწევდეთ…
ფაქტი კი ის არის, რომ გარემოში მოხვედრის შემდეგ, კოკაინი მარტივად შეიწოვება ზღვაში არსებული ორგანიზმების მიერ, სადაც ის გროვდება და საშუალებას იძლევა, მაღალი კონცენტრაციით შეიწოვოს ახლა უკვე კვებითი ჯაჭვის უფრო მაღალი დონის წევრების მიერ. მრავლად გვხვდება მოლუსკებში, კიბოსნაირებსა და ძვლოვან თევზებშიც, თუმცა მკვლევრებმა ამ ეტაპზე ბევრი არაფერი იციან მისი გავლენის შესახებ ჯანმრთელობაზე…
ახლა უახლეს კვლევას დავუბრუნდეთ — 2021 წლის სექტემბრიდან 2023 წლის აგვისტომდე თევზსაჭერი გემებით სამი მამრი და ათი მდედრი ბრაზილიური ზვიგენი დაიჭირეს. შემდგომ მათი კუნთებისა და ღვიძლის ქსოვილების ნიმუშებზე თხევადი ქრომატოგრაფიული ანალიზი ჩაატარეს კოკაინისა და მისი მეტაბოლიზებული პროდუქტის ბენზოილეკგონინისთვის, რითაც ნივთიერების განსხვავებული კონცენტრაციები გამოვლინდა. ეს კი უკვე ზვიგენის სქესსა და რეპროდუქციულ მდგომარეობას შეიძლება, უკავშირდებოდეს.
ხოლო ის ფაქტი, რომ ზვიგენებში უფრო დიდი ოდენობით გვხვდება, ვიდრე სხვა თევზებში, მიგვანიშნებს, რომ კოკაინი კვებითი ჯაჭვის შედეგად გროვდება მათ ორგანიზმში. თანაც არ დაგავიწყდეთ, რომ ზვიგენების დაახლოებით მესამედი გადაშენების პირასაა…













